ქართული პროდუქტი რუსეთში 10-20%-ით გაძვირდება
ახალი საბაჟო გადასახადი ძალაში თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შეჩერებისთანავე შევა. სატარიფო შეზღუდვა რუსულ ბაზრებზე ქართულ პროდუქციას გააძვირებს და მის რეალიზაციას შეამცირებს.
რუსეთის მიმართულებით ექსპორტი ამ დრომდე საკმაოდ გააქტიურებული იყო, განსაკუთრებით ღვინისა და მინერალური წყლების ხარჯზე. 2014 წლის იანვარ-მაისში ღვინის ექსპორტმა მსოფლიოს 32 ქვეყანაში 22 779 153 ბოთლი (0,75 ლ) შეადგინა, რაც 147%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს. წყლების ექსპორტში კი ზრდა 125%-მდეა.
მთლიანად რუსეთში საქართველოს ექსპორტმა, 2014 წლის პირველ ნახევარში, 134 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 3.2-ჯერადი ზრდაა შარშანდელ პერიოდთან შედარებით. ”საქსტატის” ინფორმაციით, 2014 წლის პირველ ნახევარში რუსული ბაზრის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 9.4% შეადგინა.
რუსეთის ბაზარზე მოსალოდნელმა ცვლილებებმა ქართული წყლების კომპანიები დააბნია. ამ ბიზნესის წარმომადგენლები პრესასთან ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. მათ გასაანალიზებლად დრო სჭირდებათ, რათა შეიმუშაონ ახალი სტრატეგია, რის შესაბამისადაც იმოქმედებენ.
ღვინის ეროვნულ სააგენტოში ქართული პოდუქციის შესაძლო გაძვირებაზე უკვე ალაპარაკდნენ, თუმცა ფასი რამდენით მოიმატებს, უახლოეს პერიოდში დაზუსტდება. როგორც უწყებაში აცხადებენ, ექსპორტი რუსეთის მიმართულებით ჩვეულებრივ გაგრძელდება, მაგრამ მიდგომა შეიცვლება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე პაატა ჭავჭანიძე არ გამორიცხავს, რომ საექსპორტო პროდუქტის გაძვირებამ კონკურენციის შესუსტება გამოიწვიოს.