ახალი ამბები

რეგიონებში მიკროსაწარმოების შექმნის მსურველებს მთავრობა 5000 ლარს აჩუქებს

რეგიონებში მიკროსაწარმოების შექმნით დაინტერესებულ პირებს მთავრობა 5000 ლარს აჩუქებს, აღნიშნული ინიციატივა ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის, ხოლო გადაწყვეტილება ახალი პროგრამის ამოქმედების თაობაზე ეკონომიკურმა საბჭომ მიიღო.

“საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სახელმწიფო პროგრამის–„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, სექტემბრიდან ახალი სახალხო პროგრამა ამოქმედდება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში  მიკროსაწარმოების შექმნას ისახავს მიზნად.

საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება მიეცემა, პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოსგან საჩუქრად მიიღოს 5000 ლარამდე ფინანსური დახმარება, ასევე საგანმანათლებლო და საინფორმაციო მხარდაჭერა, რათა შექმნას მიკროსაწარმო და მოახდინოს მისი თვითდამკვიდრება და განვითარება”, – ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ახალი პროგრამის პროექტი ეკონომიკური საბჭოს წევრებს დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა წარუდგინა.