სოფელ ვაზისუბანში უძველესი საწნახელი აღმოაჩინეს
აღმოჩენის შესახებ ინფორმაციას, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ძეგლთა დაცვის სპეციალისტი, თამაზ მარკოზაშვილი ავრცელებს. მისი თქმით, ამ დროისთვის ვაზისუბანში მიმდინარეობს, სანაგირის მონასტრისკენ
მიმავალი სამანქანო გზის რეაბილიტაცია, რომლის დროსაც სოფლიდან 4 კმ-ის დაშორებით ტყეში, გზის პირას, უძველესი ქვითკირის საწნახელი იქნა აღმოჩენილი.
,,გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, აღმოჩენილი იქნა უძველესი საწნახელი. ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ გურჯაანის კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებმაც დაათვალიერეს ანიშნული ადგილი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ასევე საქმის კურსში ჩავაყენეთ წარმოშობით ვაზისუბნელი, ცნობილი არქეოლოგი და პროფესორი გიორგი რჩეულიშვილი,”– აცხადებს თამაზ მარკოზაშვილი.
არქეოლოგის, გიორგი რჩეულიშვილის თქმით,აღმოჩენილი ქვითკირის ნაგებობა, საწნახელს ეკუთვნის და სავარაუდოდ შუა საუკუნეებს(IX-X სს)განეკუთვნება.
შეგახსენებთ, ვაზისუბნის სანაგირის მონასტერს (X-XI ს.ს.), ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.