წელს საფერავის სუბსიდირება აღარ მოხდება
მართალია, ,,რთველი 2014-ის” მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო, თუმცა ჯერ არ არის განსაზღვრული, მთავრობა წლევანდელი რთვლის სუბსიდირებისთვის რა თანხის გამოყოფას გეგმავს. ცნობილია ის, რომ წელს შავი ყურძნის სუბსიდირება აღარ მოხდება.
წელს კახეთში დაახლოებით, 160000 ტონა ყურძნის მოსავალია მოსალოდნელი, რაც გასულ წელთან შედარებით 20%-ით მეტია. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილის განცხადებით, სააგენტოს თანამშრომლების ნაწილი, რთვლის საორგანიზაციო საკითხების მოგვარების მიზნით, კახეთის რეგიონში უკვე შეუდგა მუშაობას:
-„რთველი 2014-ის” საკოორდინაციო შტაბი ისევ გურჯაანში 5 აგვისტოდან განთავსდება და ნებისმიერ საკითხზე უფრო ინტენსიურად გავცემთ კითხვებს პასუხს. ყველა საწარმოში იქნება ჩვენი ოპერატორი, ჩაბარებული ყურძენი კომპიუტერული პროგრამით აღირიცხება. მეწარმეებს შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობის საშუალებაც ექნებათ, მოხდება სუბსიდირებაც. 2014 წლის რთველში მთავარი ყურძნის ხარისხი იქნება”.
ფერმერ ნოდარ ქავთარაძის თქმით, მისი ყურძენი სეტყვამ დააზიანა და წინასწარ იცის, რომ მისი დაწურვა მოუწევს:
-,,სეტყვამ ცოტა დააზიანა ყურძენი და ქარხნები არ ჩაიბარებენ, არც ადრე იბარებდნენ. ვიცი, რომ დაკრეფას და ქარხანაში ჩასაბარებლად წაღებას აზრის არ აქვს, ტყუილად უნდა ვიდგე იმხელა რიგში. ასეთი ყურძნის ჩასაბარებლადაც უნდა იყოს პუნქტები და შემდეგ ხილი მუშავდებოდეს, რა ქნას გლეხმა, სულ დაზარებული უნდა იყოს? არც სადაზღვევო სისტემა მუშაობს, რომ მინიმალურად მაინც ანაზღაურებდნენ ზარალს. შხამქიმიკატები ჯდება მარტო იმდენი, რომ შრომას ვიღა დაეძებს? რომ იძახიან ხარისხიანი პროდუქცია გვიანდაო, დაზიანებული ყურძენი სად წაიღოს ხალხმა, აქვს ამაზე ვინმეს პასუხი? საერთოდაც მთლიანი სისტემაა ასაწყობი”.
წელს შავი ყურძნის სუბსიდირებას მთავრობა აღარ მოახდენს, თეთრ ყურძენზე კი, ფასი შემცირდება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ ლევან დავითაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება მთავრობამ ყურძენზე მოთხოვნა-მიწოდების ანალიზის შემდეგ მიიღო. დავითაშვილი აცხადებს, რომ მთავრობამ გადაწყვიტა წლიდან წლამდე სუბსიდირების რეჟიმიდან გამოვიდეს, მაგრამ ისე, რომ ეს პროცესი მტკივნეული არ იყოს:
-,,დარგი რომ არ დაზარალდეს, შავ ყურძენზე სუბსიდია აღარ გავრცელდება, თეთრზე კი, შემცირდება. იქნება სუბსიდირების თანხა, ამას მთავრობა ივლისის მეორე ნახევარში გამოაცხადებს”.
2013 წელს ერთი კილოგრამი თეთრი ყურძნის სახელმწიფო სუბსიდია 40 თეთრი იყო, შავის კი 25. კახეთის გუბერნატორ ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, წელს წითელ ყურძენზე იმდენად დიდია მოთხოვნა, რომ აღარ არის საჭირო სუბსიდირება:
-„საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ წელს სახელმწიფო აღარ აპირებს საფერავის სუბსიდირებას და თითქოს მისი ფასი შემცირდება. წელს წითელ ყურძენზე იმდენად დიდია მოთხოვნა, რომ აღარ არის საჭირო სუბსიდირება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სახელმწიფომ სწორ გზაზე დააყენა ყურძნის რეალიზაციის პროცესი და აღარ არის დამატებითი სუბსიდირების საჭიროება. რაც შეეხება თეთრ ყურძენს, მისი სუბსიდირება მიმდინარე წელსაც შენარჩუნდება, ფასი კი, მინიმუმ 1 ლარი იქნება. შარშანდელის მსგავსად, წლევანდელი რთველი მევენახისთვის მომგებიანი იქნება “.
კახელი მევენახეების თქმით, წელს ყურძნის კარგი მოსავალი იქნება. მათი თქმით, ამ დრომდე არ არის განსაზღვრული, რა ეღირება 1 კილოგრამი ყურძენი. ამირან გოგოლაძე ამბობს, რომ კილოგრამ ყურძენში გადახდილი 1 ლარი შრომის საფასურსაც ვერ ანაზღაურებს:
–,,რისთვის ვშრომობთ, თუ იმდენსაც არ აგვინაზღაურებენ, რომ მუშახელის ფული და გაწეული ხარჯი დავფაროთ, რა აზრი აქვს, მაშინ დავწურავ და ლიტრობით გავყიდი ღვინოს. ამბობენ, შავი ყურძენზე სუბსიდირება არ იქნებაო და ვინმე გამოვიდეს და თქვას მიზეზი, რატომ? სად წავიღო შავი ყურძენი, მაინტერესებს, რომელ ბაზაზე გავყიდო?”.
მევენახე მიხეილ ეგიდუნაშვილისთვის მისაღებია 1 კილოგრამ ყურძენზე ანაზღაურებული 1 ლარი და ამბობს, რომ კმაყოფილია:
-,,წინა წლებთან შედარებით დიდი სხვაობაა. ორი წელია, რაც მთავრობა ამას არეგულირებს. წელსაც იყო მითქმა-მოთქმა, რომ ყურძნის ფასი დაიკლებდა, მაგრამ გაგვარკვიეს, რომ იგივე დარჩება”.
კახეთში, ალბათ, ყველა ვენახს გააშენებს, მთავრობა სოფლის მეურნეობას ეხმარება, განსაკუთრებით წელს დიდი რაოდენობით ნაკვეთები მოიხნა”.
კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი, იმედს გამოთქვამს, რომ წლევანდელი რთველი უპრენცენდეტო იქნება:
-,,გაზაფხულიდან სეტყვის საწინააღმდეგო თანამედროვე სისტემის განხორციელება დაიწყება, რომელიც მთლიანად დაიცავს ჩვენს რეგიონს სეტყვისგან, რაც ძალიან დიდი შეღავათი იქნება. შეამცირებს რისკებს, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, წელსაც გვექნება უპრეცედენტო რთველი და რეგიონში გაგრძელდება ვენახების მშენებლობა”.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილის თქმით, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები უკვე შემოტანილია და ბოლო საორგანიზაციო დეტალები ზუსტდება:
-,,ერთი კვირის წინ ვნახე ის დანადგარები, რაც ბულგარეთიდან, მაკედონიიდან არის შემოტანილი, ჯერჯერობით არ მოესწრო, მარტიდან უკვე 80 ცენტრი იქნება”.