ახალი ამბები

”ასოცირების ხელშეკრულების შედეგად, ექსპორტის 9%-იანი დამატებითი ზრდაა მოსალოდნელი”

ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კვლევის თანახმად, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, მოსალოდნელია 9%-იანი დამატებითი ზრდა ექსპორტში.

ამის შესახებ კვირიკაშვილმა პარლამენტში, ასოცირების შეთანხმების განხილვისას, კონკრეტულ კვლევებზე დაყრდნობით განაცხადა.

“თავისთავად, უკვე ის საერთაშორისო კამპანია, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით, საქართველოს ევროპული იმიჯის და დამკვიდრების კუთხით უკვე იძლევა კონკრეტულ შედეგებს. მინდა გითხრათ, რომ წლის დასაწყისიდან 5 თვის მონაცემებით, ჩვენ გვაქვს 16%-იანი ზრდა ექსპორტში წინა წელთან შედარებით. ჩატარებული კონკრეტული კვლევების მიხედვით, კერძოდ, ხელთ მაქვს “ეკორის” და “კეისის” კვლევები, შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ 9%-იანი დამატებითი ზრდა არის მოსალოდნელი ექსპორტში და ასევე, პირველი წლის განმავლობაში, 1,7%-ით დამატებითი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა. ეს რა თქმა უნდა, არის გარკვეულ დაშვებებზე არსებული კვლევა, თუმცა მას აქვს არსებობის საფუძველი. ჩვენს საკუთარ პროგნოზს რაც შეეხება, მინდა, გითხრათ, რომ ამისთვის ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ წამოვიწყეთ ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის პროგრამა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოხდება.