ქართველი მწარმოებლები რუსეთთან გზის გახსნას 15 ივნისისთვის ელოდებიან
ქართველი ექსპორტიორები და იმპორტიორები რუსეთ–საქართველოს საავტომობილო გზის გახსნას აღარ ელოდებიან და პროდუქციის შემოტანა–გატანას უკრაინის ან აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით ახორციელებენ.
შეგახსენებთ, რომ დარიალის ხეობაში 17 მაისს ჩამოწოლილი მეწყრის გამო საქართველო–რუსეთის დამაკავშირებელი გზა ამ დრომდე ჩაკეტილია.
გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გზის აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად, 24–საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და დროებითი გზა უახლოეს დღეებში გაიხსნება, თუმცა კონკრეტული ვადები კვლავ არ სახელდება.
ამასობაში კი ექსპორტიორები და იმპორტირები პროდუქციის ტრანსპორტირების ალტერნატიულ გზებს მიმართავენ, რამაც ხარჯები უკვე გაუზარდათ. მართალია, ეს ცვლილება პროდუქციის ღირებულებაზე ჯერ არ ასახულა, თუმცა აცხადებენ, რომ თუ გზა ახლო მომავალშიც არ გაიხსნება, ეს პროდუქციის სარეალიზაციო ღირებულებას გაზრდის.
როგორც commersant.ge-ს ღვინის მწარმოებელ კომპანია „მარნისკარის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა რევაზიშვილმა განუცხადა, რუსეთში, უკრაინის გავლით ღვინის გარკვეული რაოდენობა უკვე გაიგზავნა, რაც შედარებით გაზრდილი ტრანსპორტირების ხარჯით მოხდა, თუმცა ეს პროდუქციის საბოლოო ღირებულებაზე არ ასახულა.
მისივე განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობასთან კომუნიკაცია მიმდინარეობს. რევაზიშვილი აცხადებს, რომ მთავრობის დაპირებით ალტერნატიული გზა 15 ივნისისთვის უნდა გაიხსნას.
ალტერნატიული გზით შემოაქვს საქართველოში პროდუქცია იმპორტიორ კომპანია „ალიანს ჰოლდინგს“. მისი ხელმძღვანელის, მამუკა ცაგარელის განცხადებით, ტვირთის შემოტანა აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან ხდება. მისივე თქმით, შექმნილმა სიტუაციამ გაზარდა ტრანსპორტირების ხარჯი, რომელიც ამ ეტაპამდე პროდუქციის გასაყიდ ფასზე არ ასახულა. მისივე განცხადებით, თუ ხელისუფლება სწრაფად არ მიიღებს ზომებს და ალტერნატიულ გზას არ გახსნის, შესაძლოა მომავალში ეს გაზრდილი ხარჯი პროდუქტების ფასზეც აისახოს.