მეხორბლეები იმპორტზე შეღავათების შენარჩუნებას მოითხოვენ
მეხორბლეები ხორბლის იმპორტზე შეღავათების შენარჩუნებას მოითხოვენ, თუმცა პარლამენტი გადაწყვეტილების შეცვლას არ გეგმავს. კომპანიებს, ვისაც წელიწადში 200 ათას ლარზე მეტი ბრუნვა ჰქონდათ, შეეძლოთ დღგ-ს გადახდა გადაევადებინათ. თუმცა, მიმდინარე თვიდან ეს შეღავათი გაუქმდა. როგორც ,,კომერსანტთან’’ მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, აქამდე დღგ–ს გადახდის რეჟიმი იძლეოდა საშუალებას ხორბლის მოსავლის პერიოდში დაბალ ფასად შეეძინათ ხორბალი და შეექმნათ მარაგები, რათა კრიზისულ პერიოდში სტაბილური ფასი შეენარჩუნებინათ. თუმცა რადგან კანონი ძალაში შევიდა, მეხორბლეებს 18–20%–ით ნაკლები ხორბლის მარაგი ექნებათ, რაც რეზერვუარებზე აისახება და კრიზისულ პერიოდში ფასის დაჭერა გართულდება.
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე კი აცხადებს, იმპორტიორებისთვის აქამდე მოქმედი შეღავათები იყო ანტიკონსტიტუციური და ეწინააღმდეგებოდა როგორც საგადასახადო კოდექსს ისე ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას. ზურაბ ტყემალაძის თქმით, თუ მეხორბლეებს რეზერვუარებთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნებათ, შეუძლიათ საბაჟო რეჟიმზე შემოიტანონ პროდუქცია, ხოლო დამატებითი ღირებულების გადასახადი რეალიზაციის შემდეგ გადაიხადონ.