ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრებს შორის რუსეთი ლიდერობს
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 170%-მდე გაიზარდა. სააგენტოს მონაცემებით, 2014 წლის იანვარ-მაისის პერიოდში ღვინის ექსპორტმა მსოფლიოს 32 ქვეყანაში – 22 779 153 ბოთლი შეადგინა, რაც 147%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს. წლის დასაწყისიდან მაისის მდგომარეობით, ექსპორტირებულია 73 795 849 აშშ დოლარის პროდუქცია, რაც 169%-ით აღემატება 2013 წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს. მხოლოდ მაისის თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტმა 3 814 034 ბოთლი შეადგინა.
ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი და ლატვია, სადაც რუსეთი ლიდერობს 68%-ით ექსპორტის მთლიან მოცულობაში. ექსპორტმა რუსეთში 2014 წლის იანვარ-მაისის მდგომარეობით 15 641 383 ბოთლი შეადგინა. ექსპორტის მოცულობით შემდეგ ხუთეულშია ქვეყნები – ჩინეთი, ლიტვა, ბელორუსი, ესტონეთი და აზერბაიჯანი.
ამასთან, მაისის თვეში ექსპორტირებულია 446 654 ბოთლი ბრენდი, ხოლო სულ იანვარ-მაისში ბრენდის ექსპორტმა 4 829 384 ბოთლი შეადგინა. 5 თვის მდგომარეობით, ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა თანხაში 17 340 394 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ბრენდის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს უკრაინა, სადაც მაისის მდგომარეობით ექსპორტირებულია 2 777 070 ბოთლი. მეორე ადგილზეა – რუსეთი, სადაც წლის დასაწყისიდან მაისის ჩათვლით ექსპორტირებულია 1 770 846 ბოთლი ბრენდი.