ვის ეშინია ფემინიზმის – ლელა გაფრინდაშვილისა და დავით გაბუნიას საჯარო ლექციები თელავის მედია კაფეში
,,ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი“ იწყებს საჯარო ლექციების ციკლს თელავში. პროექტის ფარგლებში 8 საჯარო ლექცია ჩატარდება, რომელთა საერთო სახელწოდებაა “ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში”. პროექტის მიზანია თანასწორობის იდეის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ლექციები ჩატარდება 14 და 15 აპრილს, 14:00 საათზე, თელავის მედია კაფეში.
ლექცია 1:
14 აპრილი, 2:00 სთ, ლელა გაფრინდაშვილი: “ფემინიზმი და ქალთა უფლებები, მოძრაობა ნაპირიდან ცენტრისკენ“.
ლექციის შესახებ – ლექცია აღწერს ქალის უფლებების მოპოვების ისტორიას, მის ძირითად მოქმედ პირებს. გარდა ამისა, თქვენ საშუალება მოგეცემათ ფემინისტური იდეების დასავლური ისტორია დაუკავშიროთ ქართულ სინამდვილეს, რადგან ქართველი ქალებისთვის არ იყო უცხო თანასწორობის იდეა. თქვენ გაეცნობით ქართველ ქალებს, რომელთაც გაკვალეს გზა მომავალი თაობის ქალებისათვის!
ლელა გაფრინდაშვილი – ფილოსოფოსი, ქალის უფლებების დამცველი, კავშირის „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“ თავმჯდომარე. ეკუთვნის მრავალი კვლევა და სტატია ქართულ კულტურაში გენდერული, ქალთა და ფემინისტური პრობლემების
ისტორიის შესახებ. არის „გენდერის კვლევის“, როგორც
დისციპლინის უმაღლესი განათლების სისტემაში ინტეგრირების ერთ-ერთი ინიციატორი და ათ წელზე მეტია კითხულობს კურსებს ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ლექცია 2:
15 აპრილი, 2:00 სთ, დავით გაბუნია: „სად არიან გენიოსი ქალები ხელოვნებაში?
ლექციის შესახებ – ხშირად გაიგონებთ მოსაზრებას, რომ ქალი მხატვარი/კომპოზიტორი/მწერალი არ შეიძლება გენიოსი იყოს. ისტორიას არ ახსოვს გენიოსი ხელოვანი ქალები. რამდენად მცდარია ეს აზრი? იქნებ საქმე ისტორიის გაყალბებასთან გვაქვს? ან იქნებ გენიოსი ხელოვანი ქალები მართლაც არ არსებულან? ლექცია მოიცავს მცირე ისტორიულ ექსკურსსა და თეორიულ მიმოხილვას, რაც ამ საკითხით დაინტერესებულ მსმენელებს მრავალ კითხვაზე გასცემს პასუხს.
დავით გაბუნია – დრამატურგი, მთარგმნელი. სწავლობდა გენდერულ კვლევებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იყო ფონდის “ღია საზოგადოება საქართველო” ქალთა პროგრამის თანამშრომელი; ქალთა ფონდის “ტასო”; თანადამფუძნებელი. მისი პიესები ხშირად ეხება ტრადიციული გენდერული როლების დეკონსტრუქციას თანამედროვე ქართულ კონტექსტში.