კავკასიური ვაზის ჯიშების გენოფონდის გადასარჩენად მეურნეობა შექმნება
პატრიარქის ინიციატივით, მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო ცენტრი ფუძნდება. ინფორმაციას ,,bpn” ავრცელებს. ცენტრის შექმნის შესახებ წესდებას ხელი დღეს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და ექვსი უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელებმა მოაწერეს.
პატრიარქთან გამართულ შეხვედრაზე ტექნიკური უნივერსიტეტის, საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის, ბათუმისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორები იმყოფებოდნენ; ასევე მევენახეობა-მეღვინეობის დარგში მოღვაწე ცნობილი მეცნიერები.
პროფესორები და დარგის ექსპერტები პატრიარქს მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში არსებულ პრობლემებზე ესაუბრნენ. ასევე, საპატრიარქოს სთხოვეს, ქართული და ასევე კავკასიური ვაზის ჯიშების გენოფონდის გადასარჩენად მეურნეობა შექმნას.
ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის განცხადებით, მეღვინეობა-მევენახეობის სამეცნიერო ცენტრის დაფუძნების მიზანია, აღნიშნულ უნივერსიტეტებში ხარისხის განათლების უზრუნველსაყოფად საჭირო სამეცნიერო მუშაობის განხორციელება. კერძოდ, მისივე თქმით, აღნიშნული კვლევის ცენტრი მოამზადებს სასწავლო პროგრამებს მეღვინეობა-მევენახეობის დარგში, რომლითაც შემდეგ უნივერსიტეტების სტუდენტებს ასწავლიან და მოამზადებენ. ყველა ჩამოთვლილ უნივერსიტეტს ასევე ექნება ერთი საერთო ბაზა, სამეცნიერო ცენტრი კი არასამეწარმეო იურიდიულ პირად ჩამოყალიბდება.
პატრიარქმა მეცნიერებს ვაზის გასაშენებლად ხაშმი შესთავაზა, რადგან ის თბილისთანაც ახლოს არის. პატრიარქის განცხადებით, ხაშმის ღვინო ერთ-ერთი საუკეთესოა. უწმინდესმა სპეციალისტებს ასევე შესთავაზა სტუდენტებისა და მოსწავლეების ჩართვა ამ პროცესში, კერძოდ, ხომ არ არის შესაძლებელი, თითოეულ სტუდენტს გამოუყონ ერთ ჰექტრამდე მიწა, სადაც ვაზს გააშენებენ და 5-6 წელი მისი მფლობელები იქნებიან.
უწმინდესი მიიჩნევს, რომ სტუდენტებს ამით ვაზი შეუყვარდებათ. პატრიარქის თქმით, ადამიანს ვაზის გარდა სხვა რაიმე რომ არ ჰქონდეს ოჯახში, ოჯახი ამით იარსებებს და რჩენა არ გაუჭირდება.