ნაფარეულში „ტყუპების საღვინე სახლის“ ქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმი გაიხსნება
16 მაისს, პარასკევს, 15:00 საათზე, თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში, „ტყუპების საღვინე სახლის“ ქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმი იხსნება. სამუზეუმო კომპლექსი შედგება 8 მეტრიანი ქვევრის ძეგლისგან და რამდენიმე დარბაზისგან, სადაც აღწერილია ქვევრის წარმოებისა და ქვევრში ღვინის დაყენების სრული პროცესი. მუზეუმში მოსული დამთვალიერებელი თანმიმდევრულად გაეცნობა თუ როგორ ხდება თიხის მოპოვება და ქვევრის დამუშავება, ყურძნის დაწურვა საწნახელში, შესაძლებლობა ექნება დააკვირდეს გაჭრილ ქვევრებში ღვინის დუღილისა და დაწმენდის პროცესს, ქვევრის დალუქვასა და გახსნას, ქვევრიდან ღვინისა და ჭაჭის ამოღებას.
მუზეუმში გამოფენილი იქნება სხვადასხვა ძველი ფოტომასალა და საინფორმაციო დაფები ქართული ვაზის ჯიშების, ქვევრის, მარნის, საწნახელის და ა.შ შესახებ, „ტყუპების საღვინე სახლის“ 15 წლიანი ღვინოების კოლექცია, ასევე დაახლოებით 24 სახეობის სასარგებლო პროდუქტი, რომელიც ვაზისგან მიიღება.