ახალი ამბები

ხელისუფლებამ თვითმმართველობის დახშული კარი უნდა გახსნას

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს გაიმართება, მანამდე კი თვითმმართველობის კოდექსის ცვლილებების შედეგად კახეთის რეგიონში ერთადერთი თვითმმართველი ქალაქი თელავი შეიქმნება. ამ ცვლილებასთან ერთად თელავის ტერიტორიაზე 3 ახალი მუნიციპალიტეტი შეიქმნება. სამთავრობო კომისიას ექსპერტთა ჯგუფი რეკომენდაციებს სთავაზობს.
 
,,კახეთის ხმა” ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროს ექსპერტს, კოტე კანდელაკს თელავის ახალი სტატუსის შესახებ ესაუბრება.

-ბატონო კოტე, კონკრეტულად რომ გავნვუმარტოთ დაინსტერესებულ მკითხველს, რა ფაქტორებით არის განპირობებული თქვენი რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი, რა კვლევებს, ფაქტობრივ და საინფორმაციო მასალებს ეყდნობა რეკომენდაციები ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის საკითხებზე და კონკრეტულად რა მიზანს ემსახურება მაგალითად, თელავის თვითმმართველი ერთეულის დაყოფის საკითხი?
– საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 151.1 მუხლის თანახმად, შვიდი ახალი თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიის მოსაზღვრის შემდეგ დარჩენილ ტერიტორიაზე უნდა შეიქმნას თვითმმართველი თემები.
აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის ორგვარი გზა არსებობს:
1. თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიის მოსაზღვრედ დარჩენილ ტერიტორიაზე შეიქმნას ერთი თვითმმართველი ერთეული, რომლის ადმინისტრაციული ცენტრი იგივე იქნება და მისი მმართველი ორგანოები კვლავ თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე განთავსდება. აღნიშნული პრაქტიკის მაგალითები არსებობდა XX საუკუნეში, საბჭოთა კავშირის კომუნისტური მმართველობის პერიოდში, როდესაც ერთსა და იმავე დასახლებაში (ქალაქში) იქმნებოდა საქალაქო და სასოფლო რაიონის მმართველი ორგანოები (ქალაქკომები და რაიკომები, საქალაქო და რაიონული საბჭოები თავისი აღმასკომებით). საკითხის ამგვარი გადაწყვეტის არგუმენტაცია შეიძლება მდგომარეობდეს იმაში, რომ მუნიციპალიტეტის მოსახლეობას არ შეექმნება პრობლემები სიახლეებთან შეგუების თვალსაზრისით და, საჭიროებისას, კვლავ ტრადიციულ ადგილას მდებარე მმართველ ორგანოებს მიმართავს, მუნიციპალურ ორგანოებში არსებული საკადრო რესურსი გადანაწილდება საქალაქო და სასოფლო მუნიციპალიტეტების საკრებულოებისა და გამგეობების აპარატებში, ხოლო ქალაქისა და თემის მმართველი ორგანოები მოახდენენ საკუთარი საბიუჯეტო ასიგნებების ერთგვარ „სპეციალიზაციას“ ურბანული და სასოფლო პრობლემატიკის გადაწყვეტის მიმართულებებით, გაადვილებული იქნება ტრანზიციის პერიოდში გამიჯვნასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება.
წინა საუკუნის ამგვარი პრაქტიკის აღორძინების შემთხვევაში, იმავდროულად, უნდა იქნას გათვალისწინებული თანმდევი ნეგატიური ასპექტები, როგორიცაა მოსახლეობის გულაცრუება იმის გამო, რომ მათთვის მიმდინარე რეფორმის შედეგად პრაქტიკულად არაფერი შეიცვალა, პირიქით, მოხდა სეგრეგაცია „ქალაქელებად“ და „სოფლელებად“. ეჭვს იწვევს ასევე ერთი თვითმმართველი ერთეულის მმართველი ორგანოების სხვა თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებობის მიზანშეწონილობა და იმ პრაქტიკული სარგებელის მიღების შესაძლებლობის ხელიდან გაშვება, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელების შედეგად შეიძლება იქნას მიღებული საზოგადოების მიერ.
2. თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიის მოსაზღვრედ დარჩენილ ტერიტორიაზე რამდენიმე თვითმმართველი ერთეულის შექმნით მოხდება სხვადასხვა ამოცანის ერთდროული გადაწყვეტა:
ადგილობრივი გეოგრაფიული პირობებისა და მოსახლეობის სამეურნეო საქმიანობის თავისებურებების გათვალისწინებით საზოგადოების ინტერესებზე უფრო მეტად ორიენტირებული ბიუჯეტების მქონე თვითმმართველი ერთეულების შექმნა; მუნიციპალიტეტის ახალ ადმინისტრაციული ცენტრთან გეოგრაფიულ-სატრანსპორტო ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც დაზოგავს როგორც მოსახლეობის ადმინისტრაციაში მისასვლელად საჭირო ფინანსებს, ასევე თავად აპარატის საოპერაციო ხარჯებს: მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის ახალი მუნიციპალური ცენტრების მისაწვდომობა, ძველთან შედარებით, გამოთვლილ იქნა ძველ და ახალ ცენტრებამდე მისაწვდომობის კოეფიციენტების შედარების გზით.
შეიქმნება გაცილებით მეტი შესაძლებლობა მოსახლეობის ადგილობრივ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობისა და ადგილობრივი ხელისუფლების კონტროლისათვის.
2006 და 2010 წელს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შედეგების ბაზის საფუძველზე გაანალიზებულ იქნა მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა რაოდენობასა და საარჩევნო აქტივობის მაჩვენებლის ურთიერთდამოკიდებულება ქვეყნის მასშტაბით. როგორც აღმოჩნდა, ეს დამოკიდებულება არ არის ცალსახად წრფივი, მაგრამ მუნიციპალიტეტის ზომა დაახლოებით 50-60 %-ით განსაზღვრავს საარჩევნო აქტივობას. აღნიშნულ კვლევაზე დაყრდნობით, წრფივი რეგრესიული ანალიზის პარამეტრების გამოყენებით მოხდა მოსალოდნელი საარჩევნო აქტივობის მოდელირება ახალ მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ცვლილებების შემდგომი პერიოდისთვის.
2.• ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესებიდან გამომდინარე, 2006 წლის მუნიციპალური რეფორმის შედეგად მიღებული ევროპული მასშტაბით „გიგანტური“ მუნიციპალური წარმონაქმნების ზომების რამდენადმე მიახლოვება საშუალოევროპულ მაჩვენებელთან (5530 მოსახლე)
3. • თვითმმართველ ქალაქად ჩამოყალიბების შემდეგ ქალაქის საკრებულოს შემადგენლობა მხოლოდ ურბანული უბნების, ხოლო თემებისა – მხოლოდ სასოფლო დასახლების წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული, მათ ამომრჩეველთა ინტერესების ერთგვაროვნება გამორიცხავს ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრისას კონფლიქტს სასოფლო და ქალაქური პრობლემატიკის კუთხით, შესაბამისად, მუნიციპალური სახსრებით დაფინანსებული პროგრამები მეტი სიზუსტით იქნება მიმართული მოსახლეობისათვის საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტაზე.

ოპტიმიზაციამდე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციას უწევდა დიდი მოსახლეობის მქონე ერთეულის მართვა, ამის შემდეგ ადმინისტრაციებს მოუწევთ გაცილებით ნაკლებ მცხოვრებთან ურთიერთობა, შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მოსახლეობასთან კომუნიკაციის ხარისხი და გაზრდება ადგილობრივ მოხელეებზე საზოგადოებრივი აზრის ზემოქმედების არაფორმალური მექანიზმების გავლენა.
•ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ოპტიმიზაციის განხორციელების შედეგად ხელი შეეწყობა 7 ახალი თვითმმართველი ქალაქის შემდგომ განვითარებას და, იმავდროულად, შეიქმნება 31 ახალი ადმინისტრაციული ცენტრი, რაც, როგორც ისტორიულმა გამოცდილებამ აჩვენა, მძლავრ სტიმულს მისცემს მოცემული დასახლებების ურბანული განვითარების პროცესს. ოპტიმიზაციის პროექტის ქვეყნის მასშტაბით განხორციელების შემდეგ საქართველოს განვითარების ვექტორი შეიცვლება რეგიონებში მრავალი საშუალო და მსხვილი ურბანული/ ნახევრადურბანული ცენტრების განვითარების მიმართულებით. აღნიშნული ტენდენცია გარკვეულწილად შეაკავებს თბილისსა და რეგიონებს შორის არსებული დისპროპორციის გაღრმავებას და უახლოესი ათწლეულების განმავლობაში შეცვლის ქვეყნის არსებულ სურათს „ერთი მეგაპოლისი – ჩამორჩენილი რეგიონები“ თანამედროვეობისათვის უფრო შესაფერისი მოდელით: „ერთი მეგაპოლისი – მრავალი ურბანული ცენტრი რეგიონებში“.

-თქვენი რეკომენდაციების მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ თელავის ამჟამინდელ ტერიტორიაზე გაჩნდება 4 ახალი ერთეული. გთხოვთ, დაგვისახელეთ ეს ერთეულები და რა ძირითადმა ფაქტორებმა განსაზღვრა ამ ერთეულების გამოყოფის საჭიროება? (დაასაბუთეთ აუცილებლობა) ;
-საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 151.1 მუხლის თანახმად, თელავი თვითმმართველი ქალაქი გახდა და მისი გამოყოფის შემდეგ დარჩენილ ტერიტორიაზე უნდა შეიქმნას თვითმმართველი თემები. ქალაქი დინამიური სისტემაა, თელავს აქვს ურბანული განვითარებისა და ზრდის დიდი პერსპექტივა, ამდენად აუცილებელია მისი საზღვრები დღესვე ისე გონივრულად მოვნიშნოთ, რომ მათ შიგნით მოექცეს ამ ზრდა-განვითარებისათვის საჭირო ტერიტორია და რეკრეაციული ზონები (დასასვენებელი ადგილები). ალბათ ყველა თელაველი დამეთანხმება, რომ კურდღელაურისა და შალაურის ქალაქ თელავისგან დაცალკევება მხოლოდ მექანიკურად, ხელოვნურად გავლებული საზღვრით თუ არის შესაძლებელი, ეს ორი მიმდებარე სოფელი დღეს უკვე, ფაქტიურად, თელავის ორგანული ნაწილია. გარდა ამისა, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ქალაქის ტერიტორიაში მოექცეს თელავის აეროპორტის ტერიტორიაც, როგორც ურბანული ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი კომპონენტი. ისევე, როგორც რკინიგზის ვაგზლის შენობა, რომელიც კურდღელაურთან უფრო ახლოსაა, ვიდრე თელავის ცენტრთან, დღეს არსებულ ქალაქის საზღვრებშია. თელავს ტყე-პარკებისათვისაც ესაჭიროება ტერიტორია, მაგ., ახლა განსაზღვრულია ერთ-ერთი სასაფლაოს გაფართოება – საამისოდ ქალაქს წინასწარ უნდა განვუსაზღვროთ ტყეებისა და მიწების რაღაც ნაწილი. ამდენად, თვითმართველ ქალაქად არსებულ საზღვრებში თელავის გამოცალკევება, ხოლო დარჩენილი სოფლებისგან „თელავის მუნიციპალიტეტის“ შექმნის იდეა ხელოვნური და მექანიცისტურია, რაც ძალიან გვაგონებს კომუნისტურ წარსულს, როცა, მაგალიტად, არსებობდა „გორის რაიკომი“ და „გორის ქალაქკომი“. მას შემდეგ ცხოვრება წინ წავიდა და წარსულის არქეტიპებით მოაზროვნეებს თუ მოუვათ თავში ასეთი აზრი, საღად მოაზროვნე ადამიანი უმალ მიხვდება, რომ ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა აღარ უნდა დარჩეს კომუნისტებისდროინდელი და ახალ სოციალურ-ეკონომიკურ რეალობას უნდა შეესაბამებოდეს, რითაც არის განპირობებული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ოპტიმიზაციის კომპონენტი თვითმმართველობის რეფორმაში. რუკას თუ დახედავთ და ქალაქ თელავს იმ საზღვრებში წარმოიდგენთ, რომლებიც აღვნიშნე, – ლამის გომბორის ქედიდან ალაზნამდე, კურდღელაურის, შალაურისა და აეროპორტის ჩათვლით, დაინახავთ რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საზღვრამდე, თელავი-გურჯაანის ავტომაგისტრალის მიმდებარე სოფლები ქალაქმა მოწყვიტა დღეს არსებული მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიას. ისევე, როგორც მდინარე ალაზანი ბუნებრივად გამოყოფს ახმეტისა და ყვარელის შემაერთებელ ავტომაგისტრალის მახლობელ სოფლებს, რუსეთის ფედერაციასთან სახელმწიფო საზღვრამდე.

ამდენად, ჩვენი წინადადებაა წინანდლის, აკურას, ქვემო ხოდაშნის, კონდოლის, კისისხევისა და ნასამხრალის თემები გაერთიანდეს ახალ მუნიციპალიტეტად, ცენტრით ს.წინანდალში, ხოლო ნაფარეულის, ფშაველის, სანიორესა და ართანას თემების გაერთიანებით შეიქმნას ნაფარეულის მუნიციპალიტეტი.
რაც შეეხება ახმეტის მუნიციპალიტეტის საზღვრიდან ქ.თელავის საზღვრამდე, ახმეტა-თელავის ავტომაგისტრალის მიმდებარე სოფლებს, ვარდისუბნის, იყალთოს, რუისპირის, ყარაჯალას, გულგულასა და თეთრი წყლების თემების გაერთიანებით შეიძლება ახალი თვითმმართველი ერთეულის შექმნა, ცენტრით ს.იყალთოში.

-ამ სარეკომენდაციო რჩევების გათვალისწინების შემდგომ მთავრობას მოუწევს გაზარდოს დაფინანსება. მაგალითად, თელავის შემთხვევაში, მისი ამჟამინდელი ბიუჯეტი თითქმის სამჯერ-ოთხჯერ გაიზდება, როგორია ამ შემთხევაში ეკონომიკური გათვლა. რა რესურსებით და წყაროებით მოხდება ადგილობრივი ბიუჯეტის შევსება, ანდა რა ფორმით გაგრძელდება ბიუჯეტის სატრანსფერო სუბსიდიები?

– რა თქმა უნდა, ადმინისტრაციის შენახვაზე რამდენადმე გაიზრდება დანახარჯი, იმიტომ, რომ დღეს თუ თელავის მუნიციპალიტეტში 205 შტატიანი მოსამსახურეა, ოთხივე მუნიციპა¬ლიტეტში ერთად მათი ზღვრული რაოდენობა 252 შეიძლება იყოს. მაგრამ თელავის მერიის აპარატში თუ დასაქმდება 83 თელაველი, წინანდლის გამგეობაში – 58, იყალთოში – 64, ნაფარეულში – 47 საჯარო მოსამსახურე, – ესენი კი იმ სოფლებიდან იქნებიან, რომლებიც ამ მუნიციპალიტეტებში შევლენ. გვიღირს თუ არა დღეს საჯარო მოსამსახურეთა რაოდენობის 47 ერთეულით გაზრდა? თუ ეს ადამიანები თავიანთი შრომით, იმაზე გაცილებით მეტ სიკეთეს მოუტანენ საკუთარ სოფლებს, ვიდრე დღეს თელავში მსხდომი 205 ჩინოვნიკი, რატომაც არა? ჰკითხეთ ადგილობრივ მოსახლეობას, ვის უფრო დაანამუსებენ, გამგეობაში მომუშავე საკუთარ მეზობლებს, თუ თელავში მჯდომ მოხელეებს, რომლებთან კაბინეტში შესვლაც კი გლეხი კაცისთვის ხშირად პრობლემაა.
მთავრობას მუდმივად მოუწევს რეგიონების დაფინანსება, სულ ის პრობლემა ექნება, რომ განვითარებულ ინდუსტრიულ ცენტრებს (თბილისს, ბათუმს) უნდა მოაკლოს და გათანაბრებითი ტრანსფერით გადაუნაწილოს ჩამორჩენილ სასოფლო მუნიციპალიტეტებს, თუ მათი განვითარების მიმართულებით დღესვე არ გადადგა კარდინალური ნაბიჯები. ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი სწორედ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ოპტიმიზაციაა. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ორ ათეულ წელზე მეტია, მთავრობები იცვლებიან, მაგრამ გამბედაობა არ ჰყოფნით, გადადგან ეს ნაბიჯი, რომელიც კარგა ხანია, მომწიფდა.
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ოპტიმიზაციის ჩვენს მიერ შემუშავებული მოდელის განხორციელების შედეგად ხელი შეეწყობა არა მარტო 7 ახალი თვითმმართველი ქალაქის შემდგომ განვითარებას, არამედ წელსვე შეიქმნება 31 ახალი ადმინისტრაციული ცენტრი, რაც, როგორც ისტორიულმა გამოცდილებამ აჩვენა, მძლავრ სტიმულს მისცემს მოცემული დასახლებების ურბანული განვითარების პროცესს. ოპტიმიზაციის პროექტის ქვეყნის მასშტაბით განხორციელების შემდეგ საქართველოს განვითარების ვექტორი შეიცვლება რეგიონებში მრავალი საშუალო და მსხვილი ურბანული ან ნახევრადურბანული ცენტრების განვითარების მიმართულებით. აღნიშნული ტენდენცია გარკვეულწილად შეაკავებს თბილისსა და რეგიონებს შორის არსებული დისპროპორციის გაღრმავებას და უახლოესი ათწლეულის განმავლობაში შეცვლის ქვეყნის არსებულ სურათს „ერთი მეგაპოლისი – ჩამორჩენილი რეგიონები“ თანამედროვეობისათვის უფრო შესაფერისი მოდელით: „ერთი მეგაპოლისი – მრავალი ურბანული ცენტრი რეგიონებში“.

ასე რომ, დღეს წინანდალში, იყალთოსა და ნაფარეულში ახალი ადმინისტრაციული ცენტრების შექმნაზე დახარჯული ფული ქვეყანას მომავალში მოუტანს იმას, რომ გონივრული მართვის პირობებში ეს სამივე მუნიციპალიტეტი თვითკმარი ბიუჯეტების მქონე გახდება, რისი რესურსებიც, ჩვენი ეკონომიკური შეფასებით, სამივეს გააჩნია. ამგვარი პერსპექტივა ძალზე საეჭვოა, თუ კიდევ უფრო „დავაქუცმაცებთ“ ამ სურათს და თითოეულ სოფლამდე ან თემამდე დავიყვანთ, – როგორი იდეებითაც გვაბრუებს ზოგიერთი პოლიტიკოსი.
ჩვენ ახალს არაფერს ვიგონებთ, ვითვალისწინებთ ევროპის გამოცდილებას.
2006 წლის მუნიციპალური რეფორმის შედეგად საქართველოში მივიღეთ ევროპული მასშტაბით „გიგანტური“ზომების მუნიციპალური წარმონაქმნები – იქ ერთ მუნიცწიპალიტეტში, საშუალოდ 5530 მოსახლე ცხოვრობს. წინანდლის, იყალთოსა და ნაფარეულის მუნიციპალიტეტები მოსახლეობის რაოდენობითაც რამდენადმე მიუახლოვდებიან ამ ციფრს.
-გთხოვთ, გამოყოთ მთავარი საკითხები: არჩევნების შემდგომ რეფორმის შედეგად რა ძირეულ ცველილებებს განიცდის თელავის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა და რითი გაუმჯობესდება მათი ყოფა. ანუ კონკრეტული ცვლილებები რაც გავლენას იქონიებს თვითმმართველ ერთეულებში მაცხოვრებლებზე?

-ოპტიმიზაციამდე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციას უწევდა დიდი მოსახლეობის მქონე ერთეულის მართვა, ამის შემდეგ ადმინისტრაციებს მოუწევთ გაცილებით ნაკლებ მცხოვრებთან ურთიერთობა, შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მოსახლეობასთან კომუნიკაციის ხარისხი და გაზრდება ადგილობრივ მოხელეებზე საზოგადოებრივი აზრის ზემოქმედების არაფორმალური მექანიზმების გავლენა.
შეიქმნება გაცილებით მეტი შესაძლებლობა მოსახლეობის ადგილობრივ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობისა და ადგილობრივი ხელისუფლების კონტროლისათვის. 2006 და 2010 წელს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შედეგების ბაზის საფუძველზე ჩვენ გავაანალიზეთ მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა რაოდენობასა და საარჩევნო აქტივობის მაჩვენებლის ურთიერთდამოკიდებულება ქვეყნის მასშტაბით. როგორც აღმოჩნდა, ეს დამოკიდებულება არ არის ცალსახად წრფივი, მაგრამ მუნიციპალიტეტის ზომა დაახლოებით 50-60 %-ით განსაზღვრავს საარჩევნო აქტივობას.
აღნიშნულ კვლევაზე დაყრდნობით, წრფივი რეგრესიული ანალიზის პარამეტრების გამოყენებით მოხდა მოსალოდნელი საარჩევნო აქტივობის მოდელირება ახალ მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ცვლილებების შემდგომი პერიოდისთვის.
ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხს მიეცემა მეტი შანსი, თავად გადაწყვიტოს საკუთარი პრობლემები, ცენტრის დაუკითხავად, თავად განკარგოს, საკრებულოების წევრებად და გამგებლებად, პირდაპირი არჩევნების გზით არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, ანუ „საერთო ყულაბა“.
რას ნიშნავს „მეტი დემოკრატია ადგილებზე“? ეს არა მარტო ადგილობრივი კლანური სისტემის რღვევაა, რომელიც ათწლეულების მანძილზე ახდენს ადგილობრივი „ელიტების“ ფორმირებას და მუნიციპალურ ბიუჯეტებს საკუთარ ინტერესებს „არგებს“, არა მხოლოდ მეტი საშუალებაა თითოეული მოქალაქისთვის, საკუთარი უნარების რეალიზაცია ადგილზევე მოახდინოს და საამისოდ თბილისში არ გაიქცეს, არამედ თავისუფალი ეკონომიკური პროცესებისათვის ხელის არ შეშლისა და მძლავრი ბიძგის მიცემის შესაძლებლობაცაა.
რა იქნება 3 წლის შემდეგ, როცა ახალი ადგილობრივი არჩევნები მოვა? ის ქალაქები და სოფლები, ვინც დღეს გონივრულად მოიქცევა და საკუთარ ხელმძღვანელად პატიოსან, მამულიშვილ და განათლებულ თანამოქალაქეს თუ თანასოფლელს აირჩევს, ათი ნაბიჯით გაუსწრებს თავის განვითარებაში სხვებს: კეთილმოწყობილი სკვერებითა და პარკებით, საყოველთაო ინტერნეტიზაციით, გაზიფიკაციით, სარწყავი თუ სასმელი წყლით მომარაგებით, გზების ხარისხით და ა.შ. რეფორმა შანსს აძლევს რეგიონების მოსახლეობას, ამოძვრეს იმ ჭაობიდან, რაშიც ვსხედვართ ყველანი ერთად, მაგრამ ამას მთავრობა ვერ იზამს – ხელისუფლება მხოლოდ დახშულ კარს გაუხსნის, დანარჩენი კი თავად ხალხის საქმეა, როგორ უპატრონებს საკუთარ მუნიციპალიტეტს.
-თქვენი აზრით, რეფორმის ამ ეტაპზე, რა ძირითადი ფაქტორები უნდა განსაზღვრავდეს თვითმმართველი ერთეულების გამოყოფის საკითხებს და როგორი იქნება თქვენი რეკომენდაციები მთავრობის გადაწყვეტილებების მიმართ უმცირესობებით დასახლებული თვითმმართველი ერთეულების შემთხვევაში?

-პირველ ნაწილზე ზემოთ არის პასუხი მემგონი გაცემული ხოლო რაც შეეხება მეორე ნაწილს უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მთავრობას არაფერი ახალი გადაწყვეტილება არ მიუღია. ისე ზოგადად ჩვენი რეკომენდაციაა უმცირესობების წარმომდგენლები რაც შეიძლება სრულყოფილად იყვნენ ჩართული ადგილობრივ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.