თელავის ბატონისციხის კონსერვაციის გეგმაზე მუშაობა დასრულდა
თელავის ბატონის ციხის კონსერვაციის გეგმაზე მუშაობა დასრულდა, მიუხედავად ამისა, ამ დროისთვის არ არსებობს მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი. თელაველები კი ბატონის სასახლის დროულ აღდგენას ითხოვენ.
დოკუმენტაცია განიხილა და დაამტკიცა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ. კონსერვაციის გეგმა აერთიანებს სხვადასხვა დისციპლინების კვლევების საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს, რომელიც არტიტექტორ-რესტავრატორებმა, ხელოვნების ისტორიკოსებმა, კონსტრუქტორ-ინჟინერებმა, გეოლოგმა, არქეოლოგმა, დენდროლოგმა და სოციოლოგმა ბატონისციხის შემგდომი რეაბილტაციისა და განვითარებისთვის ერთიანად შეიმუშავეს.
სწორედ ამ გეგმის პრეზენტაცია გაიმართა თელავში, რომელსაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თელავის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი, საკონსერვაციო გეგმის ავტორი და თელაველები ესწრებოდნენ.
როგორც ხელოვნების საერთაშორისო ცენტრისა და თელავის მუზეუმის კონსერვაციის გეგმის პროექტის დირექტორი მაკა დვალიშვილი ,,კახეთის ხმასთან’’ საუბრისას აცხადებს, ბატონის ციხის კონსერვაციის გეგმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და დაკვეთით, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის სპეცი-ლისტებთან ერთად ოთხი თვის განმავლობაში მუშავდებოდა. მისივე თქმით, პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მუნიციპალური განვითარების ფონდმა დააფინანსა.
-,, კონსერვაციის გეგმა თელავის საზოგადოების წინაშე წარადგინეს. გეგმა მუშავდებოდა 4 თვის მანძილზე, რომელზეც სხვადასხვა სპეციალისტები მუშაობდნენ. შემუშავებული გეგმა საფუძვლად უნდა დაედოს კომპლექსის განვითარებას ყველა მიმართულებით. როგორც მისი ავთენტური და საკონსერვაციო სამუშაოების, ასევე ახალი ნაგებობისა და ფუნქციების დამატებისა და შეთავსების თვალსაზრისით. მსგავსი სახის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია ისიც, რომ კონსერვაციის გეგმის შემუშავების პროცესში, ჩართული იყო სოციოლოგი, რომელმაც გამოიკვლია არა მარტო საზოგადოების დამოკიდებულება ამ ძეგლისადმი, არამედ გაიგო, როგორ ესახებათ ძეგლის განვითარება მომავალში. ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იყო ამ კონსერვაციის გეგმის შემუშავების დროს. მნიშვნელოვანი არის ის, რომ თვითონ ძეგლის ღირებულება არის არა მხოლოდ მატერიალური, ასევე არამატერიალურიც. მოსახლეობის დამოკიდებულება ამ თემასთან ძალიან მნიშვნელოვანია.’’
თელავის ბატონის ციხის კომ¬პლექსი მოიცავს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ, სხვადასხვა პერიოდისა და ფუნქციის ნაგებობებს, მათ შორის, XVII_XVIII საუკუნეების გალავანს, XVII_XVIII საუკუნეების კარის მცირე ეკლესიას, XVII_XVIII საუკუნეების სობოროს, XVII_XVIII საუკუნეების საზარბაზნე კოშკს, XIX საუკუნის შუა წლების „სახაზინო სახლს“ (სტატუსი მოეხსნა 2012 წელს და ამჟამად დანგრეულია), XVII-XVIII საუკუნეების წმიდა ნინოს ყოფილ სასწავლებელს (ამჟამად დანგრეულია), XVIII-XIX საუკუნეების სკოლას, XVIII საუკუნის აბანოსა და XIX საუკუნის სამხატვრო გალერეას, რომელიც, ასევე, დანგრეულია.
საკონსერვაციო გეგმის ავტორ ნატო ცინცაბაძის თქმით, მუზეუმის ტერიტორიაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების დროს ბევრი მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო, კონსერვაციის გეგმაში ყველა მნიშვნელოვანი და ისტორიული ნაწილი შეტანილი და აღნიშნულია.
-,,პირველ რიგში მუზეუმის ტერიტორიაზე სადრენაჟე სისტემა უნდა მოეწყოს, სხვა შემთხვევაში, სარესტავრაციო სამუშაოები უშედეგო იქნება. აქვე მოსაწყობია სანიტარული სისტემაც. საოცარია, როდესაც ამ ერთ-ერთ დიდი ისტორიული ინფრასტრუქტურით უმდიდრეს კომპლექსზე, რომელიც ყველას აღფრთოვანებას იწვევდა, საბჭოთა პერიოდში არ იზრუნეს, მაგალითად, არ გაუყვანიათ საკანალიზაციო სისტემა და სხვა. როდესაც მუზეუმის რესტავრაცია დაიწყება, სადრენაჟე სისტემა აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს. გარდა კომპლექსის რეაბილიტაციისა, კონსერვაციის გეგმაში ასევე მონიშნულია ის ადგილები, რომელიც კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარეობს და მოითხოვს არქეოლოგიურ კვლევებს. გარდა ამისა, ასევე გვაქვს ცალკე არქეოლოგიური რუკაც შედგენილი, ანუ ტერიტორიაზე არ შეიძლება ერთი წერაქვის ჩარტყმაც არქეოლოგიური ზედამხედველობის გარეშე. ჩვენს გეგმაში ასევე პირდაპირ არის მითითებული ზოლი, სადაც შეიძლება, გათხრების შედეგად გამოჩნდეს ძველი სასახლის ნაწილები. რუკაზე ჩვენი მუშაობის შედეგად ასახულია ყველანაირი ინფორმაცია, მაგალითად: მუზეუმის ჩრდილოეთი ფერდი მთლიანად არქეოლოგიური ღირებულებისა და ამ კომპლექსის განვითარების უზარმაზარი პოტენციალის მქონეა. გარდა ამისა, გეგმაში ასევე წერია ბაღების გაშენება, სავალი ნაწილის მოწყობა, ასევე მითითებულია, თუ რა მასალით უნდა გაკეთდეს.’’
კულტურის მინისტრის მრჩეველ ინგა ხარაიას თქმით, მუზეუმის კონსერვაციის გეგმა, უდავოდ გახდება თელავის ისტორიული მუზეუმის განვითარების საფუძველი, მიუახლოვდეს თანამედროვე სტანდარტებს და გახდეს კულტურის უნიკალური ექსპონატების საცავი.
-,,ჩვენი მიზანია, თელავის მუზეუმი იქცეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო კულტურის ცენტრად არა მხოლოდ კახეთის რეგიონში, არამედ მთელ საქართველოში. ვფიქრობ, გეგმის პრეზენტაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს გახლავთ ფუნდამენტური საფუძველი, რაც დაეხმარება მუზეუმს შემდგომი განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის.’’
თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროს ფიქრია ყუშიტაშვილის თქმით, საკონსერვაციო გეგმის შექმნის შექმნის შემდეგ თელაველებს გაუჩნდათ იმედი, რომ ისტორიული მუზეუმი მიიღებს ისეთ სახეს, როგორიც თელაველებს სურთ.
-,,გეგმის შემუშავებაში ჩართული იყვნენ: დენდროლოგი, არქეოლოგი, გეოლოგი, ხელოვნებათმცოდნე, არქიტექტორი, რესტავრატორი, ისტორიკოსი და სხვა. ამ ადამიანებმა დიდი შრომა გასწიეს და შეიმუშავეს გეგმა. თელავის რეაბილიტაციამ დააზიანა ეს დიდი ისტორიული ძეგლი, შეცდომები ახლა უნდა გამოსწორდეს. არის საკითხები, რისი გამოსწორებაც უკვე შეუძლებელია, მაგრამ ორ მნიშვნელოვან ობიექტზე, მეფის სასახლესა და მუზეუმზე, მშენებლობა იმ ეტაპზეა შეჩერებული, რომ შესაძლებელია რაღაცა მაინც შეიცვალოს.”