სტატიები

რა საფრთხეს ქმნის ფაროსანას შესაწამლი ჭავლის შესუნთქვა?

ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლა – რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას ჯანმრთელობას და როგორ დავიცვათ თავი? – ამ კითხვით მიმართეს მოქალაქეებმა „კახეთის ხმას“ 

ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სეზონზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სპეციალური ღონისძიებები. მოსახლეობის ნაწილი კი შეშფოთებულია – რამდენად უსაფრთხოა ინსექტიციდებით შეწამვლა და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ქიმიური პრეპარატების შესუნთქვას ადამიანის ჯანმრთელობაზე.

მოქალაქეები ფაროსანას შეწამლის გაუფრთხილებლობის გამო სურსათის უვნებლობის სააგენტოს ჯანმრთელობის დაზიანებაზე მიუთითებენ. ამასთან, მოქალაქეები აცხადებენ, რომ ფაროსანას საწინააღმდეგო ხსნარი ძლიერად მოქმედებს ფუტკარზე და მათ განადგურებას იწვევს.

როგორ არ თქვას კაცმა! ფაროსანაზე წამლიან სოფელს! უბან-უბან დადიან სურსათის უვნებლობიდან.
ხალხს გვყვავს ამდენი ფუტკარი, ბავშვები გარეთ არიან, სეირნობს ხალხი. საღამოა, – წერს თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ შალაურის მკვიდრი თორნიკე გრიშიკაშვილი.

ხალხი მაინც გააფრთხილეთ! კიდევ ვამბობ, ფუტკარი გვყვავს და იცით ხოცავს და ანადგურებს ფუტკარს ეს წამალი. ბავშვებზე კარგი ზემოქმედება რომ არ ექნება, კარგად იცით! ძალითი აკეთებთ თუ უცოდინრები ხართ ერთი გამაგებინეთ?

 

სპეციალისტების განმარტებით, საფრთხე დამოკიდებულია გამოყენებული პრეპარატის ტიპზე, კონცენტრაციაზე, ზემოქმედების ხანგრძლივობასა და უსაფრთხოების წესების დაცვაზე. საქართველოში ფაროსანას წინააღმდეგ გამოიყენება მხოლოდ რეგისტრირებული პესტიციდები, რომელთა გამოყენებასაც შესაბამისი რეგულაციები და უსაფრთხოების მოთხოვნები ახლავს.

 

რა სიმპტომები შეიძლება გამოიწვიოს ინსექტიციდის შესუნთქვამ?

ტოქსიკოლოგების განმარტებით, პესტიციდების შესუნთქვის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს:

  • ცხვირისა და ყელის გაღიზიანება;
  • ხველა;
  • თვალების წვა და ცრემლდენა;
  • თავის ტკივილი;
  • თავბრუსხვევა;
  • გულისრევა;
  • საერთო სისუსტე.

 

უფრო ძლიერი ან ხანგრძლივი ზემოქმედების შემთხვევაში შესაძლებელია სუნთქვის გაძნელება, გულმკერდის შებოჭილობა, ღებინება, კუნთების სისუსტე ან კანკალი. მძიმე შემთხვევებში საჭიროა დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარება.

 

როგორ უნდა მოვიქცეთ შეწამვლის დროს?

სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ:

  • არ იმყოფებოდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც მიმდინარეობს შეწამვლა;
  • დახურონ ფანჯრები და კარები, თუ სამუშაოები საცხოვრებელ სახლთან ახლოს ტარდება;
  • ბავშვები, ორსულები, ხანდაზმულები და ქრონიკული რესპირატორული დაავადებების მქონე პირები მაქსიმალურად მოარიდონ შეწამვლის ზონას;
  • არ შევიდნენ ახლად დამუშავებულ ტერიტორიაზე, ვიდრე შესაბამისი სამსახური ამას უსაფრთხოდ არ მიიჩნევს;
  • შეწამვლის პროცესში ჩართულმა პირებმა აუცილებლად გამოიყენონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები – რესპირატორი, ხელთათმანები, დამცავი ტანსაცმელი და სათვალე.

რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, თუ თავი შეუძლოდ იგრძნო?

თუ ქიმიური პრეპარატის შესუნთქვის შემდეგ განვითარდა:

  • ძლიერი ხველა;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • განმეორებითი ღებინება;
  • ძლიერი თავბრუსხვევა;
  • ცნობიერების დაბინდვა ან კრუნჩხვები,

აუცილებელია დაუყოვნებლივ დატოვოთ შეწამვლის ტერიტორია, გახვიდეთ სუფთა ჰაერზე და მიმართოთ ექიმს ან სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. თვითმკურნალობა რეკომენდებული არ არის.

რას ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტო?

სურსათის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებები ტარდება რეგისტრირებული პრეპარატებით და უსაფრთხოების წესების დაცვით. სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, შეწამვლის პერიოდში გაითვალისწინონ შესაბამისი გაფრთხილებები, ხოლო ფერმერებმა და სამუშაოებში ჩართულმა პირებმა მკაცრად დაიცვან პესტიციდების გამოყენების ინსტრუქცია.

სპეციალისტების მთავარი რეკომენდაციაა: პესტიციდების გამოყენებისას უსაფრთხოების წესების დაცვა მნიშვნელოვნად ამცირებს ჯანმრთელობის რისკს, ხოლო ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის შემთხვევაში აუცილებელია დროული კონსულტაცია ექიმთან.