ახალი ამბები

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს ხელისუფლებას სასწრაფო ზომების მიღება მოსთხოვა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოაცხადა.
 ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა „მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების თავისუფალი და უსაფრთხო ფუნქციონირება, თავი შეიკავოს ძალადობისა და პოლიტიკურად მოტივირებული დევნისგან და ხელი შეუწყოს დემოკრატიულ პრინციპებსა და ეუთო-ს წინაშე არსებულ ვალდებულებებზე დაფუძნებულ ინკლუზიურ პოლიტიკურ პროცესს, ასევე მოუწოდებს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების სწრაფი და სრული განხორციელებისკენ“.
 ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა დეკლარაციაში „გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის დემოკრატიული უკუსვლის, დემონსტრანტების, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის, დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების, ასევე წამყვანი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების გამო, რაც ასახულია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში, რომელიც 2026 წლის მარტში გამოქვეყნდა“.
ასამბლეა „კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას ქართველი ხალხის, დემოკრატიული მმართველობის, პოლიტიკური პლურალიზმისა და საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის მიმართ და ხაზს უსვამს დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვის, კანონის უზენაესობის დაცვისა და იმის უზრუნველყოფის აუცილებლობას, რომ პოლიტიკური პროცესები ინკლუზიური, გამჭვირვალე და ეუთო-ს წინაშე აღებულ ვალდებულებებთან შესაბამისობაში იყოს“.
„ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოში ინკლუზიურ დიალოგსა და პოლიტიკური დაძაბულობის მშვიდობიან მოგვარებას; მკაცრად გმობს ისეთი კანონმდებლობის მიღებასა და განხორციელებას, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას, მედიის თავისუფლებას და გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებს, ასევე ძალის გადამეტებულ და განურჩეველ გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ; მოუწოდებს მსგავსი კანონმდებლობის გაუქმებისკენ, ძალადობის, დაშინებისა და თვითნებური დაკავებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ,
ყველა იმ თვითნებურად დაკავებული პირის გათავისუფლებისკენ, რომლებიც საკუთარი უფლებების მშვიდობიანი გზით გამოყენებისთვის დააკავეს, ასევე, მოუწოდებს ძალის გადამეტებული გამოყენების ყველა ბრალდებასთან დაკავშირებით, მათ შორის 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს, სწრაფი და დამოუკიდებელი გამოძიების უზრუნველყოფისკენ, დამნაშავეებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებითა და მსხვერპლთათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებით“, – აღნიშნულია დეკლარაციაში