ყვარელში, დოლოჭოპის უნიკალური ისტორიული ძეგლი და კომპლექსი ნადგურდება
დოლოჭოპის უნიკალური ბაზილიკური ძეგლი ღია ცის ქვეშ უყურადღებოდ არის მიტოვებული. სამარხები და უნიკალური ნივთები წყალში ყრია. საქართველოს ისტორია ნადგურდება. ძეგლის საფუძველი უკვე დატბორილი და დამბალია, დასუსტებულია და სიმწრით გამოვლენილი ეს საოცარი ტაძარი დანგრევის რეალური საშიშროების წინაშეა.
ამის შესახებ პროფესორი ნოდარ ბახტაძე წერს: „ამ ადგილზე, უღრან ტყეში, სუროშემოხვეულ ქვიტკირის 2 მეტრამდე სიმაღლის კედლის ორიოდე ფრაგმენტს წავაწყდი, და ვივარაუდე რომ ეს გრანდიოზული, ბორცვის ქვეშ მოქცეული ბაზილიკის კედლის წვეროები იყო. 6 წელი ვევედრე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს და გამოვაყოფინე მიზერული თანხა არქეოლოგიური გათხრებისთვის რამდენიმე წლის განმავლობაში.
და აი, 2012-დან 2020 წლის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ილიას უნივერიტეტის მეცნიერებმა, სტუდენტების თანადგომით, წერაქვებით, ჯაგრისებითა და ქაფჩებით გამოვაჩინეთ ბორცვიდან ეს საოცრება (თან ვამაგრებდით ავთენტური მასალებით – ზომების დამატების გარეშე).
რომ დავთვალეთ, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული მნიშვნელობის ამ ახალი ძეგლის გამოვლენა საქართველოს ბიუჯეტს დაახლოვებით ერთი ისეთი ავტომობილის ფასი დაუჯდა, რომლებითაც საშუალო რანგის სახელმწიფო ჩინოვნიკები დაბრძანდებიან და 4-5 წელიწადში ცვლიან.
მე და ჩემი გუნდის წევრებს ამ ძეგლის გამოვლენაში ხელფასის სახით თანხა არასდროს აგვიღია (სამივლინებო, არსებობის თანხებს ვიღებდით ექსპედიციებისას, 9 წელი.
ხელისუფლებამ კი ქართველი თუ უცხოელი განათლებული ტურისტებისთვის ამ საოცნებო ძეგლთან გზაც კი არ მიიყვანა და მეტიც – 2018 წლის შემდეგ ყოველწლიურად ტბორავენ მდ. დურუჯიდან ილიას წყალსაცავის შესავსებად ტყეში კუსტარულად მიშვებული წყლით
ძეგლის საფუძველი უკვე დატბორილი და დამბალია, დასუსტებულია და სიმწრით გამოვლენილი ეს საოცარი ტაძარი დანგრევის რეალური საშიშროების წინაშეა.
გთხოვთ ყველამ გააზიაროთ – ძლივს აღმოჩენილ, საქართველოს გაქრისტიანების ვითარების ამსახველ, უძველეს და უდიდეს ტაძარს ვკარგავთ. მერე მოთქმა ვეღარ გვიშველის, – აღნიშნავს პროფესორი. 
დოლოჭოპის სატაძრო კომპლექსი კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, რაიონული ცენტრიდან 6-7 კმ-ის დაშორებით, მდინარე დურუჯის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. იგი მრავალფენიანი არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლია და მოიცავს I ბაზილიკური ტიპის ტაძარს, რომელსაც ნ. ბახტაძე ე.წ. სამეკლესიიან ბაზილიკათა ჯგუფს მიაკუთვნებს, II ეტაპის დიდ სამნავიან ბაზილიკას, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში ყველაზე დიდი ზომის ბაზილიკაა დღემდე გამოვლენილთა შორის, III ეტაპის მცირე ზომის ეკლესიასა და ადრეული შუა საუკუნეების სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთებს. ნ. ბახტაძე პირველ ტაძარს IV საუკუნით ათარიღებს, დიდ ბაზილიკას V საუკუნით, III ეკლესიას კი – VI საუკუნით. დოლოჭოპის დიდ ბაზილიკას ნ. არონიშიძე VI საუკუნის შუა ხანებით ათარიღებს. კომპლექსის ადგილას ქვითკირის კედლების ნაშთები ს. ჯანაშიას სახ. მუზეუმის ნეკრესის ნაქალაქარის შემსწავლელი არქეოლოგიური ექსპედიციის მეცნიერთა ჯგუფმა 2004 წელს აღმოაჩინა, თუმცა ძეგლზე მასშტაბური არქეოლოგიური სამუშეოები 2012 წლიდან დაიწყო, რის შედეგადაც ეტაპობრივად გამოვლინდა სატაძრო მშენებლობის სამი ფენა და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები.

