კახეთში ფაროსანას შემოსევაა
კახეთის ტერიტორიაზე უხვი ნალექი სხვადასხვა დაავადების გავრცელებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. მათ შორის, ბოლო პერიოდში მოსახლეობა ფაროსანას დიდი რაოდენობით გავრცელებაზე წუხს.
აზიური ფაროსანა არის ინვაზიური მავნებელი მწერი. რომელიც აზიანებს სამასზე მეტი სახეობის მცენარეს, როგორც სასოფლო სამეურნეო, ასევე სატყეო, დეკორატიული მცენარეები ჯიშებს.
ფაროსანებთან ბრძოლის ახალი მეთოდი – მოქალქეები გურჯაანიდან და თელავიდან კახეთის ხმა / knews.ge ატყობინებენ, რომ ფაროსანები ამ სეზონისთვის უჩვეულოდ დიდი რაოდენობით არის გავრცელებული.
ჩვენმა მკითხველმა ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ახალი მეთოდი გაგვიზიარა, რომელიც ცელოფნის პარკით ფაროსანას დაჭერას გულისხმობს.
„მეტი ვერაფერი მოვიფიქრეთ ოჯახში. არაფერი შველის, არც შეწამლა, არც სპეციალური საშუალებები. განსაკუთრებით მეორე სართულზე იყიან თავს და აღარ ვიცით რა ვიღონოთ. “ – განუცხადა „კახეთის ხმას“ თელავში მცხოვრებმა მოქალაქემ.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს. თუმცა კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე მავნებლის საწინააღმდეგო შეწამვლის ღონისძიებები იმ ტერიტორიებზე განახლდება, სადაც მონიტორინგის შედეგად მავნებლის ზღვრული რაოდენობა დაფიქსირდა.
მიუხედავად არახელსაყრელი ამინდისა, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით უკვე დამუშავებულია 8 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი; განთავსებულია 70 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური. პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მავნებლის პოპულაციის მონიტორინგი. ფაროსანას გავრცელების არეალისა და სიმჭიდროვის განსაზღვრის მიზნით, განთავსებულია 4000-მდე მონიტორინგის სისტემა. მიღებული მონაცემები თავს იყრის ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრში და აისახება სპეციალურ ინტერაქტიულ რუკაზე.
ღონისძიებების ეფექტიანად დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფუნქციონირებს მავნებელთან ბრძოლის მართვის ცენტრები. პროცესში ჩართულია 270-მდე ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა, რაც უზრუნველყოფს ღონისძიებების ოპერატიულად განხორციელებას.
უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით, მოსახლეობა მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით წინასწარ იღებს ინფორმაციას დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. შეწამვლის ღონისძიებები ასევე კოორდინირებულია მეფუტკრეებთან. დეტალური ინფორმაცია და სამუშაოების განრიგი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: parosana.ge.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესი ადგილობრივი თვითმმართველობების აქტიური ჩართულობით ხორციელდება. ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები ფერმერებს მოუწოდებენ, დროულად განახორციელონ მცენარეთა დაცვის ღონისძიებები, რადგან უხვი ნალექი სხვადასხვა დაავადების გავრცელებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

