აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 5 ჟურნალისტი გაათავისუფლეს
2 ივნისს ირინა ყურუამ, მაია მერკვილაძემ, თეონა ხარაბაძემ, ლევან ურიდიამ და სალომე გეგეშიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საკადრო სამსახურიდან ელექტრონული ფოსტით წერილები მიიღეს. მათ შრომითი ხელშეკრულებები დაწყებული რეორგანიზაციის ფარგლებში შეუწყდათ.
როგორც ჟურნალისტი ირინა ყურუამ გამოცემა „ბათუმელებთან“ განმარტა, „რეორგანიზაცია სამი თვეა უკვე მიმდინარეობს და ამის შესახებ გვქონდა ინფორმაცია, თუმცა დღეს მივიღე მეილი, სადაც მადლობას მიხდიან ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის და მატყობინებენ, რომ შრომითი ხელშეკრულება შემიწყვიტეს.
„მოხარული ვიქნებით, თუ მიიღებთ მონაწილეობას კონკურსში“, – ესეც მომწერეს. სექტემბერში ყოფილა კონკურსი დაგეგმილი“. ირინა ყურუა მიიჩნევს, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება, ტელევიზიაში კრიტიკული აზრის ჩახშობას უკავშირდება.
„ოფიციალურად რაც გამოგვიცხადეს, არის ის, რომ სტრუქტურა უნდა შეცვალონ და რომ ტელევიზიაში ყველაფერი გასამართია. მოგვთხოვეს თითო გადაცემის გადაგზავნა შესაფასებლად და მეც გადავუგზავნე ჩემი ერთი გადაცემა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებას რეორგანიზაციის საბაბით ჟურნალისტების გათავისუფლების შესახებ უსამართლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს.
„2 ივნისს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის 14 თანამშრომელს დირექციამ ელექტრონული ფოსტით შეატყობინა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. მათ შორის არიან გადაცემა „სათქმელის“ წამყვანი ირინა ყურუა, რადიოს საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი მაია მერკვილაძე და ჟურნალისტები თეონა ხარაბაძე, ლევან ურიდია და სალომე გეგეშიძე.
ქარტიას ეჭვებს უჩენს ის გარემოება, რომ გათავისუფლებული ჟურნალისტები დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევიან და რომ ისინი ყოველთვის პატივისცემას იჩენენ განსხვავებული აზრის მიმართ და სვამენ კრიტიკულ შეკითხვებს. გათავისუფლებული ჟურნალისტების ნაწილი, ვისი პოზიციაც ამ დროისთვის ცნობილია, თავადაც ასე მიიჩნევს, რომ კრიტიკული აზრის გამო იდევნება. ეს ქარტიას აფიქრებინებს, რომ გათავისუფლებები სხვა არაფერია, თუ არა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიტიკული აზრისგან დაცლის მცდელობა და ეს შერჩევითი, მიკერძოებული დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ აჭარაში საინფორმაციო ველის საბოლოოდ მოსუფთავებას ემსახურება.
კვლევები აჩვენებს, რომ მას შემდეგ რაც ნათია კაპანაძემ აჭარის მაუწყებელი იმპიჩმენტის შედეგად დატოვა, მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა რადიკალურად შეიცვალა და პარტიულ დღის წესრიგს დაემორჩილა. ტელევიზია სხვადასხვა ხელმძღვანელობის პირობებში ეტაპობრივად გათავისუფლდა კრიტიკულად მოაზროვნე ჟურნალისტებისგან. ახლა, სავარაუდოდ, ამ სისტემური პროცესის ბოლო ტალღის მოწმე ვხდებით.
ქარტია სოლიდარობას უცხადებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებულ კოლეგებს და მაუწყებლის მენეჯმენტს სამართლიანობისკენ, რეორგანიზაციის პროცესში კი გათავისუფლებებთან დაკავშირებით მეტი გამჭვირვალობისა და სიცხადისკენ მოუწოდებს“,- წერია ქარტიის განცხადებაში.

