ახალი ამბებისტატიები

 რატომ არის თუშეთის გზის გახსნა ყოველწლიურად პრობლემატური?

ტურისტული სეზონი დაიწყო, თუშეთის მიმართულება მუდმივად მოთხოვნადია, თუმცა მთავარი პრობლემა თუშეთთან დამაკავშირებელი გზაა, რომელიც მუდმივად რეაბილიტაციას საჭიროებს. ამჟამად გზა ისეთ მდგომარეობაშია, რომ გადაადგილება შეუძლებელია.

ადგილობრივების ერთადერთი შემოსავლის წყარო სწორედ ტურიზმია და ამ გზაზეა დამოკიდებული მათთან სტუმრის მოხვედრა.
წინა წლებში მთავრობამ არაერთი დაპირება გასცა. თუშეთში გზის მშენებლობის დაწყება რამდენიმე ექს პრემიერმაც დაანონსა, თუმცა დაპირება ჰაერში დარჩა.

თუშეთის ერთადერთი დამაკავშირებელი გზის გახსნა კვლავ რამდენიმე ერთეულ ტექნიკაზეა დამოკიდებული, რომელთა ნაწილი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან არის შემორჩენილი.   გამოსავალი გაცილებით მარტივია, ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს.

ჯგუფი – თუშეთის თემის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, რომელთაც გასულ კვირას აქციაც კი გამართეს, აცხადებენ, რომ სახელმწიფომ უნდა შეიძინოს თანამედროვე, მაღალი გამავლობის მძიმე ტექნიკა, რომელიც გზების გაწმენდისა და რეაბილიტაციისათვის ახმეტის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში იქნება.

„ ეს ტექნიკა ათეულობით წლის განმავლობაში მოემსახურება თუშეთს და მნიშვნელოვნად შეამცირებს გზის გახსნასთან დაკავშირებულ რისკებსა და შეფერხებებს.“

მნიშვნელოვანია, რომ ტექნიკის ნაწილი ზამთრის პერიოდში თავად თუშეთში დარჩეს, ხოლო საწვავის აუცილებელი მარაგები შემოდგომაზევე შეიქმნას.“

თუ აბანოს უღელტეხილზე სამუშაოები ერთდროულად ორივე მხრიდან, თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით განხორციელდება, გზის გახსნა გაცილებით ადრე და ეფექტიანად იქნება შესაძლებელი.

ტექნიკისთვის დაახლოებით 600–700 ათასი დოლარი უნდა გამოიყოს, რაც მიზერული თანხაა იმ მილიარდებთან შედარებით, რომელსაც სახელმწიფო ყოველწლიურად ინფრასტრუქტურაზე და სხვა მიმართულებებზე ხარჯავს.

ამავე დროს, ეს ინვესტიცია პირდაპირ აისახება ათასობით ადამიანის ცხოვრებაზე, უსაფრთხოებაზე, ტურიზმის განვითარებასა და მთის რეგიონის მდგრადობაზე.

თუშეთს არ სჭირდება სასწაული — სჭირდება სწორი დაგეგმვა, თანამედროვე ტექნიკა და პოლიტიკური ნება.