ახალი ამბები

ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო ტურიზმის შემოსავლის უმსხვილეს წყაროდ რჩება

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო ვიზიტების რაოდენობით მხოლოდ მეოთხე ადგილს იკავებს, ის შემოსავლის უმსხვილეს წყაროდ რჩება (141 მლნ. აშშ დოლარი), რაც მეზობელ ბაზრებთან შედარებით ვიზიტორზე გაცილებით მაღალ საშუალო დანახარჯზე მიუთითებს. 

2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 1.17 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, რაც წლიურად 0.2%-იანი კლებაა. ტურისტული ვიზიტები 4%-ით გაიზარდა, ხოლო ერთდღიანი ვიზიტები 19%-ით შემცირდა, რაც ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან, სომხეთიდან (-11.2%) და აზერბაიჯანიდან (-8.1%), ნაკადების შესუსტებით არის განპირობებული, ამის შესახებ TBC კაპიტალი წერს.

აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან ვიზიტორთა ნაკადების შესუსტების მიუხედავად, ტურისტულ შემოსავლებზე მთავარი ზეწოლა რუსეთმა და ისრაელმა გამოიწვია (შესაბამისად, -12% და -13% წ/წ). ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავლენა აისახა ისრაელთან დაკავშირებულ მაჩვენებლებში, შემოსავლებთან ერთად, ვიზიტებიც შემცირდა 17.5%-ით წლიურად.

ეს კლება დააბალანსა ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს (+36%), თურქეთის (+12%) და უკრაინის (+34%) შემოსავლების ზრდამ, რამაც მთლიანი ტურისტული შემოსავალი 830 მლნ. აშშ დოლარამდე გაზარდა (+0.5% წლიურად).

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო ვიზიტების რაოდენობით მხოლოდ მეოთხე ადგილს იკავებს, ის შემოსავლის უმსხვილეს წყაროდ რჩება (141 მლნ. აშშ დოლარი), რაც მეზობელ ბაზრებთან შედარებით ვიზიტორზე გაცილებით მაღალ საშუალო დანახარჯზე მიუთითებს.

2026 წლის პირველ კვარტალში დიდი ბრენდული სასტუმროების მაჩვენებლებიც გაუმჯობესდა. საშუალო დატვირთულობა 51%-ს შეადგენდა, რაც წლიურად 6 პროცენტული პუნქტით მეტია, ხოლო სასტუმროს ნომრის საშუალო ღირებულება (ADR) 129 აშშ დოლარამდე გაიზარდა (+10% წ/წ). ADR კვარტლის სამივე თვეში 2025 წლის ანალოგიურ პერიოდზე მაღალი იყო.

ამასთან, მაღალბიუჯეტურ ბრენდულ სასტუმროებში ნომრების საშუალო ღირებულებაც გაიზარდა. I კვარტალში ტარიფმა 129 აშშ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 10%-იან ზრდას ნიშნავს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ საშუალო ფასი მაღალბიუჯეტურ სასტუმროებში ყველაზე მაღალი 140 დოლარი იანვარში იყო, ხოლო თებერვალსა და მარტში 123 და 125 დოლარამდე შემცირდა.