ახალი ამბები

პროდუქციის მიწოდების ჯაჭვში შესაძლოა, დისტრიბუტორები ამოვარდნენ – რას გეგმავს რითეილ სექტორი

,,მიწოდების ჯაჭვში შესაძლოა დისტრიბუტორები ამოვარდნენ,“ – ამის შესახებ რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ სოფო ქაშაკაშვილმა „პალიტრანიუსისა” და რადიო „პალიტრას” გადაცემაში „საქმე” ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, რითეილი გეგმავს სადისტრიბუციო ცენტრის განვითარებას, შეასაბამისად, მაღაზიებსაც არაპირველადი პროდუქციით თავად მოამარაგებს.

„ჩვენ, რითეილ სექტორი, ჩვენი მხრიდან ვცდილობთ, რომ განვავითაროთ შიდა იმპორტის და სასაწყობე მეურნეობები. ვთანამშრომლობთ რამდენიმე საელჩოსთან, გვინდა, საზღვარგარეთ ჩვენი ასოციაციის წევრებმა მოახდინონ შესაბამისი ვიზიტი და საუკეთესო პრაქტიკები წამოიღონ ამ სასაწყობე მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით. ჩვენი სექტორი თავის მხრივ ყველანაირად ეცდება, რომ ცენტრალიზებულ სასაწყობე მეურნეობაზე გადავიდეს.
განვითარებულ ქვეყნებშიც და ევროპაშიც, დისტრიბუციას ძირითადად აქვს გადამზიდის როლი. უხეშად რომ დავარქვათ, საკურიერო სამსახურია, ვიდრე გადამყიდველი. ჩვენ შემთხვევაში კი, საქართველოში დისტრიბუტორები არიან უკვე გადამყიდველები, იმიტომ რომ უშუალოდ დისტრიბუტორებისგან ვყიდულობთ გარკვეულ პროდუქციას.
ძალიან ბევრ მსხვილ სადისტრიბუციო კომპანიას აქვს ექსკლუზიური კონტრაქტები უშუალოდ მწარმოებელთან და რითეილ სექტორი ვეღარ ახდენს პროდუქციის შესყიდვას პირდაპირი გზით, აუცილებლად მესამე პირისგან უნდა შეიძინოს, რადგან მას აქვს ექსკლუზიური კონტრაქტი. ასეთი რგოლები, რა თქმა უნდა, პროდუქციას გზადაგზა აძვირებს.

ცვლილება მიწოდების ჯაჭვში?! – რა ელით დისტრიბუტორებს საქართველოში

გადაწყობის შემთხვევაში კი ჩვენ გვექნება შიდა იმპორტი, პირდაპირ დადებული კონტრაქტები იმპორტიორებთან და ჩვენივე სასაწყობე მეურნეობა, საიდანაც პირდაპირ დაკომპლექტდება პროდუქცია რომელიმე ქსელის მაღაზიის მიმართულებით.

წარმოიდგინეთ, ღამის საათებში მანქანა იქნება მთლიანად დაკომპლექტებული იმ შერეული პროდუქციით, რომელიც იმ მაღაზიას იმ დღისთვის ესაჭიროება. აღარ იქნება დამატებით საწვავის ხარჯი, თანამშრომლის ხარჯი, ასევე ხშირად დისტრიბუტორები აპელირებენ პარკინგის ჯარიმებზე, რის გამოც საკმაოდ დიდი ზარალი აქვთ თვის განმავლობაში და ასე შემდეგ.

ფასწარმოქმნის ჯაჭვში ეს მნიშვნელოვან ცვლილებებს და ეკონომიას მოგვცემს,” – განაცხადა სოფო ქაშაკაშვილმა გადაცემაში „საქმე“.

შეგახსენეთ, რომ პარლამენტში ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის ჯამში შვიდი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შედეგად, კომისიამ დაასრულა FMCG სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც მწარმოებლები და დისტრიბუტორები მაღალ სამომხმარებლო ფასებში რითეილერებს ადანაშაულებდნენ, სავაჭრო ქსელები კი პირიქით თავად მიმწოდებლებს.

ცნობისთვის, კომისიის ფარგლებში მოუსმინეს: კვერცხის, რძისა, ხორცპროდუქტების, ხილ-ბოსტნეულის, წვენებისა, ჯემების, პურ-პროდუქტების, ტკბილეულის მწარმოებლებს, იმპორტიორ-დისტრიბუტორებს და ასევე რითეილ სექტორის წარმომადგენლებს.

რაც შეეხება შედეგებს, როგორც ცნობილია კომისია მუშაობას სავარაუდოდ, აპრილის ბოლომდე დაასრულებს.