სახელმწიფო 3 ფასად შესყიდულ ხარისხიან ყურძენსაც სპირტად გადაამუშავებს – ღვინის წარმოება არ იგეგმება -ღვინის ეროვნული სააგენტო
სახელმწიფო ღვინოს არ აწარმოებს. შპს „მოსავლის მართვის კომპანიის“ მიერ ჭარბი ყურძნის შეძენის შემთხვევაში გამოიხდება სპირტი, რომელიც შემდეგ აუქციონის წესით გაიყიდება – ამის შესახებ BMG-ს ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.
რთველი 2026-სთვის დაგეგმილი ცვლილებებით, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს ჭარბი ყურძნის მიღება მოუწევს, დადგენილია სამი ფასი. BMG-მ უწყებას მიმართა კითხვით, თუკი, სახელმწიფო ამბობს, რომ მზადაა ხარისხიანი ყურძენიც შეიძინოს, ნიშნავს თუ არა ეს, რომ სახელმწიფო თავადაც იწყებს ღვინის წარმოებას და ბაზარზე შესვლას.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა აწერს, აღნიშნულია, რომ სახელმწიფო რთველის დროს ყურძნის შესყიდვის პროცესში ერთვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსავალი ჭარბია და კერძო სექტორიდან მასზე მოთხოვნა არ არის. შესაბამისად, სახელმწიფო კერძო სექტორთან კონკურენციაში არ შედის და მისი მიზანი ღვინის წარმოება არ არის.
“სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია ყურძენი არ დარჩეს ჩაუბარებელი და მევენახეები პრობლემების პირისპირ მარტო არ დარჩნენ. სწორედ მევენახე ფერმერების მხარდაჭერისთვის და არა ღვინის დასამზადებლად, რთველის პერიოდში, სახელმწიფო ჭარბ ყურძენს შეისყიდის. რთველის დროს სახელმწიფო მხარდაჭერა ათასობით მევენახე-ფერმერს საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას და ხარისხიანი ყურძნის წარმოების მოტივაციას აძლევს, რაც უმნიშვნელოვანესია მეღვინეობის ინდუსტრიის განვითარებისა და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობისთვის.
რაც შეეხება მაღალ ხარისხიან კონდიციურ ყურძენზე ფასის გაზრდა, აღნიშნული გადაწყვეტილება მევენახეებს აძლევს მოტივაციას, რომ მოიყვანონ ხარისხიანი მოსავალი, რომლისგანაც იწარმოება ხარისხიანი ღვინო. აღნიშნული ცვლილებების აუცილებლობა განაპირობა მსოფლიო გლობალურ ბაზარზე ღვინის მოხმარების შემცირებამ და ბაზარზე მაღალმა კონკურენციამ – ქართული ღვინო აუცილებლად უნდა იყოს მაღალხარისხიანი. მეღვინეობის დარგის განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივისთვის, აუცილებელია უფრო მეტად ფასობდეს ხარისხიანი ყურძენი” – წერს ღვინის ეროვნული სააგენტო.
თუკი, აქამდე სახელმწიფო ყურძენს მხოლოდ ერთი ფასით იბარებდა და სპირტს აწარმოებდა, ახლა ეს მაღალხარისხიან ყურძენსაც შეეხება. 2026 წლის მოსავლისთვის დაგეგმილი ცვლილებებით, ხელისუფლება ჭარბი ყურძნის შესყიდვას სამი სხვადასხვა ფასით აპირებს, რაც მაღალხარისხიან მოსავალსაც მოიცავს. დარგის წარმომადგენელთა ნაწილის შეფასებით, ეს ურთულესი ლოგისტიკური გამოწვევა იქნება და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ყურძნის ხარისხის ობიექტურად შეფასების საკითხს. ამავდროულად, მეღვინეების ნაწილის შეფასებით, სუბსიდირებაზე დახარჯული ასობით მილიონი ლარი დარგისთვის ეფექტური არ არის.

