რა ღირს განახლებული დიზაინის პასპორტის აღება საქართველოში?
გასულ დღეებში, სოციალურ ქსელებსა და მედიაში, აქტიურად განიხილავდნენ ე.წ. დახარვეზებული პასპორტების საკითხს.
მოქალაქეების ნაწილი აცხადებდა, რომ ახლად აღებულ ბიომეტრიულ პასპორტებში დაფიქსირდა ტექნიკური პრობლემები, მათ შორის, დაბეჭდვის ხარვეზები, მონაცემთა არაზუსტი გადატანა ან ვიზუალური დეფექტები.
მოგვიანებით, საკითხთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა შესაბამისმა უწყებამაც, სადაც ნათქვამი იყო, რომ თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად მოწმდება და ტექნიკური ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, დოკუმენტის ჩანაცვლება მოხდება მოქმედი წესის მიხედვით.
რა ღირს განახლებული პასპორტის აღება საქართველოში?
ცნობისთვის, ახალი დიზაინის პასპორტების გაცემა იუსტიციის სახლებში 2025 წლის 3 ნოემბრიდან დაიწყო, შეცვლილი არ არის დოკუმენტის აღების საფასური. საქართველოს მოქალაქისთვის, ბიომეტრიული პასპორტის აღების ღირებულება დამზადების ვადებზეა დამოკიდებული. ფასი იზრდება დაჩქარებული მომსახურების მიღების შემთხვევაში.
სტანდარტული ტარიფები კი ასე გამოიყურება:
მე-10 სამუშაო დღეს -150 ლარი;
მე-5 სამუშაო დღეს -180 ლარი;
მე-3 სამუშაო დღეს – 225 ლარი;
24 საათში – 300 ლარი;
იმავე დღეს – 350 ლარი.
ბიომეტრიული პასპორტის მოქმედების ვადაა 10 წელი, ხოლო 18 წლამდე პირზე გაცემული დოკუმენტის – 3 წელი.
აღსანიშნავია, რომ მოქმედი წესის მიხედვით, თუ მოქალაქე პასპორტის მიღების შემდეგ აღმოაჩენს ტექნიკურ შეცდომას ან წარმოების დეფექტს, მან უნდა მიმართოს სერვისცენტრს. დადასტურებული ხარვეზის შემთხვევაში, დოკუმენტი იცვლება დამატებითი საფასურის გარეშე.

