გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავენ
დღეს, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით – მუხლობრივად განიხილავს და კენჭს უყრის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის ამოქმედების შედეგად, გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები და აკრძალვები წესდება.
საკანონმდებლო პაკეტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში განხილვის დროს დაკორექტირდა და რიგი მიმართულებებით კიდევ უფრო გამკაცრდა. იგეგმება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ახალი ნორმების ამოქმედება.
„გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით „გრანტის“ ცნება ფართოვდება. ამასთან, როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ითქვა, პროექტის იმ ნაწილში, სადაც განმარტებულია, თუ რა მიიჩნევა გრანტად, ჩაიწერება, რომ შეზღუდვა ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხებს არ შეეხება.
კანონის პროექტის თანახმად, გრანტად მიიჩნევა კანონის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სუბიექტის მიერ ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარეობს.
გრანტის მიმღებად ასევე მიიჩნევა სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას. უცხოეთში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს ვალდებულება ექნებათ, გრანტის მიღებამდე შესაბამისი თანხმობა საქართველოს მთავრობისგან მიიღონ. თუ სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირი, რომელსაც საქართველოში აქვს რეგისტრირებული ფილიალი, წარმომადგენლობა ან განყოფილება, გრანტს თანხმობის გარეშე მიიღებს, ეს პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
კანონპროექტის თანახმად, პირებს, რომლებსაც გრანტი კანონის ამოქმედებამდე აქვთ მიღებული, კანონის ამოქმედების შემდეგ 1-თვიანი ვადა ექნებათ, საქართველოს მთავრობას მიმართონ. თავის მხრივ, მთავრობასაც 1-თვიანი ვადა აქვს, გასცეს პასუხი – უთხრას თანხმობა ან უარი.
მეორე მოსმენის ფარგლებში “სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილების პროექტიც შეიცვალა. პროექტს დაემატა ჩანაწერი, რომლის თანახმად, კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა, სასჯელის დანიშვნის დროს დამამძიმებელი გარემოება იქნება. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, ამ დროს თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის კოდექსის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
სიახლეა ისიც, რომ “სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი, 316-ე პრიმა მუხლი დაემატება სახელწოდებით: “ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“.
აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას შემდეგ შემთხვევაში გაითვალისწინებს: – საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქის სტატუსის არმქონე პირის მიერ კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ ან ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატურად, საჯაროდ მოწოდება, ასევე ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად ან საჯაროდ სისტემატურად წარმოჩენა ან ამ პირის მიერ სხვა სახის სისტემატური მოქმედება, რაც მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის საქართველოს ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს.
ასეთი ქმედება გამოიწვევს ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 400-დან 600 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას 3 – წლამდე ვადით. იურიდიული პირის შემთხვევაში, იურიდიული პირი დაისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.
კიდევ ერთი ცვლილება, რაც მეორე მოსმენის ფარგლებში პროექტში აისახა, არის ის, რომ პოლიტიკური აქტივობისთვის პირველ ჯერზე დაჯარიმებულ მეწარმე იურიდიული პირს, პოლიტიკური აქტივობის განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორ იურიდიულ სუბიექტს, ასევე “დარღვევაზე პასუხისმგებელ შესაბამისს ფიზიკურ პირს“.
გარდა ამისა, კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით ჩადენილი ნებისმიერი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება.
საკანონმდებლო პაკეტი ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა. ცვლილებები შემდეგ კანონებში ხორციელდება: – “გრანტების შესახებ“ კანონი, “სისხლის სამართლის კოდექსი“, “ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი“, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი და “სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ კანონი.

