2025 წლის IV კვარტალში სასაკლაოების დატვირთვა შემცირდა, მომსახურება კი გაძვირდა
გასული წლის IV კვარტალში სასაკლაოების მომსახურება გაძვირდა. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციიდან ირკვევა.
სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მიხედვით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საშუალო ფასი 9.4%-ით 40.7 ლარამდე გაიზარდა; ღორის დაკვლის ღირებულება 30.7-დან 33.1 ლარამდე, ხოლო ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური 12.5 ლარიდან 14.1 ლარამდე გაიზარდა.
2025 წლის ბოლოსთვის, საქართველოში 115 სასაკლაო მუშაობდა, ერთი ერთეულით მეტი ვიდრე 2024 წელს. ყველაზე დიდი წილი კახეთზე მოდიოდა (19.1%), მას მოსდევდა ქვემო ქართლი (18.3%), შიდა ქართლი (16.5%) და იმერეთი (15.7%). წინა წელთან შედარებით გაიზარდა ქვემო ქართლის წილი, ხოლო მცხეთა-მთიანეთსა და სხვა რეგიონებში – შემცირდა.
ამ პერიოდში, სასაკლაოებში ხორცის წარმოება წლიურად მცირედით 17.5 ათასი ტონამდე გაიზარდა. წარმოების სტრუქტურაში განსაკუთრებით გაიზარდა ღორის ხორცის წილი – 38.9%-მდე, შემცირდა ფრინველის ხორცის წილი – 32.2%-მდე, ხოლო ცხვრისა და თხის ხორცის წილი კი 0.4%-მდე შემცირდა.
მომსახურების მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 9 ათას პირს, მაშინ როდესაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში, მონაცემები 9.5 ათასს შეადგენდა. შინამეურნეობების წილმაც 53.3%-მდე დაიკლო, ხოლო დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1 047-დან 969 კაცამდე შემცირდა.
აღნიშნულ პერიოდში, ცხვრისა და თხის დაკვლა თითქმის სამჯერ შემცირდა – მათი წილი 9%-დან 3.1%-მდე დაეცა. პარალელურად გაიზარდა ღორის წილი – 60.1%-დან 65.8%-მდე, ხოლო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის წილი თითქმის უცვლელი დარჩა – 29.1%. ფრინველის დაკვლის რაოდენობამ 3 046.1 ათასი ერთეული შეადგინა, რაც 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით ნაკლებია.

