რა ოდენობის სასუქი შემოგვაქვს ქვეყანაში, რომლის ფასების შესწავლასაც აპირებს მთავრობა
სურსათის, მედიკამენტების და საწვავის შემდეგ, მთავრობა პესტიციდების ფასის შესწავლასაც იწყებს. ამის შესახებ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი.
bm.ge-ის ინფორმაციით, ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში მინერალური ან ქიმიური აზოტოვანი სასუქების იმპორტი მზარდია. 2025 წელს, იმპორტი მოცულობაში წლიურად 18%-ით შემცირდა. ქვეყანაში 26 102 ტონა ($9.6 მილიონის) პროდუქტი შემოვიდა.
სასუქების იმპორტი რეკორდული მოცულობის 2024 წელს იყო, როდესაც ქვეყანამ 31 951 ტონა ($10.8 მილიონის) პროდუქტი იყიდა. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ქვეყანას სასუქის იმპორტი გაუიაფდა, რადგან 2023 წელს ნაკლებ მოცულობაში – 26 449 ტონაში, შედარებით მეტი – $11.2 მლნ იყო გადახდილი.
რაც შეეხება ძირითად საიმპორტო ბაზრებს, მთლიანი იმპორტის 60% ერთ ქვეყანაზე, რუსეთზე მოდის.
2025 წლის მონაცემებით, სასუქების TOP-5 საიმპორტო პარტნიორი ასეთია:
რუსეთი – 15 606 ტონა/$4.6 მლნ;
უზბეკეთი – 2 551 ტონა/$989 ათასი;
თურქმენეთი – 2 100 ტონა/$848 ათასი;
თურქეთი – 2 025 ტონა/$1.2 მლნ;
აზერბაიჯანი – 1 440 ტონა/$566 ათასი.
სასუქების ექსპორტი
აზოტოვანი სასუქები ქვეყნის 10 მთავარ საექსპორტო საქონელს შორისაა. 2025 წელს მეათე ადგილზე იყო, მთლიან ექსპორტში 1.8%-იანი წილით. ექსპორტი წლის ჭრილში 11.1%-ით გაიზარდა და 132 მლნ დოლარს გადააჭარბა (423 664 ტონა).
TOP 5 საექსპორტო ბაზარი 2025 წელს ასე გამოიყურებოდა:
რუმინეთი – 114 341 ტონა/$34.2 მლნ;
ესპანეთი – 45 268 ტონა/$13.1 მლნ;
ტანზანია – 31 800 ტონა/$10.6 მლნ;
ლიტვა – 28 600 ტონა/$8.2 მლნ;
ინდოეთი – 28 440 ტონა/$8.4 მლნ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) გასულ წელს, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საცალო რეალიზაციის ბაზრის მონიტორინგი დაიწყო, რომლის მიზანია – კონკურენციის კანონმდებლობის ჭრილში, ბაზარზე არსებული ვითარების შეფასება, ფასწარმოქმნაზე საბაზრო და შესაძლო არასაბაზრო ფაქტორების ანალიზი. ჯერჯერობით მონიტორინგი მიმდინარეა.
ცნობისთვის, გასული წლის მონაცემებით, ქვეყანაში რეგისტრირებული იყო სხვადასხვა ქვეყნებში წარმოებული 1000-ზე მეტი დასახელების პესტიციდი და 1450-მდე დასახელების აგროქიმიკატი (სასუქი), რომელთა საქართველოში იმპორტს ახორციელებდა 60-ზე მეტი ადგილობრივი კომპანია.

