ყვარლის მიმდებარედ 10 ჰა-ზე დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობა იგეგმება
ყვარლის მიმდებარედ, 10 ჰექტარზე მეტ ფართობზე დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, პროექტის განხორციელებას ფიზიკური პირი ზურაბ საჯაია აპირებს. ამჟამად სკოპინგის პროცედურა მიმდინარეობს.
სკოპინგის ანგარიშის თანახმად, საპროექტო ტერიტორიაზე მოეწყობა საცხოვრებელი სახლები, მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი, საოფისე და საგამოფენო სივრცეები.
„საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ყვარელში („ქინძმარაული“), სადაც მოეწყობა შიდა კვარტალური გზები, საპარკინგე სივრცეებით, სააგარაკე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები, მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი, საოფისე და საგამოფენო სივრცეები, სადაც გამოიფინება ადგილობრივი მეღვინეობის ნაწარმი, ასევე, ტერიტორიაზე განთავსდება სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსი გასართობი ცენტრითა და დიდი ღია აუზით, სადაც შეიძლება მოეწყოს სხვადასხვა ღონისძიება.
პროექტით, კომპლექსში დიდი ადგილი უჭირავს ღია სტადიონებს და სარეკრეაციო სივრცეებს, რომლებიც ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ტერიტორიის სამხრეთით ესაზღვრება ყვარელი-თელავის საავტომობილო გზა, ჩრდილოეთით სამეზობლო ნაკვეთები, ხოლო დასავლეთით და აღმოსავლეთით შიდა გზები, საპროექტო ტერიტორიას დასავლეთით ესაზღვრება სასტუმრო.
პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე დაგეგმილია პირველ ეტაპზე მრავალფუნქციური გასართობი/სავაჭრო ცენტრის მოწყობა და პარალელურად, ინდივიდუალური დასასვენებელი სახლების მშენებლობაც. სახლების მშენებლობა დაგეგმილია ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად. პროექტის განხორციელება დაგეგმილია ეტაპობრივად რაც ჯამში 4 წელიწადს არ აღემატება“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ინფორმაციისთვის, მოქალაქეებმა დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები გარემოს ეროვნულ სააგენტოს 20 თებერვლის ჩათვლით უნდა წარუდგინონ.

