„ზერო პლასტიკის“ მიღწევა გაცილებით რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს – ნინო ჩხობაძე
„ზერო პლასტიკის“ მიღწევის პროცესი გაცილებით რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ თუ სოციალურ ცვლილებებს მოითხოვს – ამის შესახებ BMG-სთან გარემოსდამცველი ნინო ჩხობაძე საუბრობს.
მისი თქმით, პლასტმასის მოხმარებიდან ამოღება აუცილებელი, თუმცა ხანგრძლივი პროცესია, რომელიც საქართველოში ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს.
„საქართველოს რეალობაში ეს ძალიან კარგი ინიციატივაა თავისთავად, რომ “ზერო პლასტიკი” გვქონდეს, მაგრამ ამას დასჭირდება საკმაოდ დიდი დრო და, რა თქმა უნდა, ეტაპობრივი გადასვლა. სამწუხაროდ, პლასტიკი პრობლემურია არა მარტო საკვებ პროდუქტებთან მიმართებით, არამედ ძალიან პრობლემურია სამშენებლო სფეროშიც კი. ჩვენ პლასტიკს ვიყენებთ წყლის მილებში და უკვე უნდა დავიწყოთ შეზღუდვა, რომ აღარ შემოვიდეს, იმიტომ რომ წყლის მილებთან მიმართებით, ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა“ – ამბობს ნინო ჩხობაძე.
ამასთან, მისივე განმარტებით, პლასტმასის პრობლემის მოგვარება ნარჩენების სეპარირებული შეგროვების გარეშე შეუძლებელია, რაც ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის დანერგილი. მისი თქმით, ეს პროცესი დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურსს მოითხოვს.
„სეპარირება, ანუ განცალკევებული შეგროვება ჩვენ დაწყებული არ გვაქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამას სჭირდება ძალიან დიდი კაპიტალდაბანდებები, ანუ ძალიან დიდი ფინანსური რესურსი და სპეციალისტები სჭირდება,“ – ამბობს ნინო ჩხობაძე.
გამოსავალს გარემოსდამცველი „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების“ (EPR) ამოქმედებაში ხედავს, რაც ბიზნესს საკუთარი ნარჩენების გადამუშავებას დაავალდებულებს.
თუმცა, მისივე შეფასებით, საქართველოში უკვე არსებული რეგულაციებიც კი ხშირად ხარვეზებით სრულდება. ჯერ კიდევ პრობლემურია ცელოფნის პარკების აკრძალვის საკითხი, რაც პრაქტიკაში ბოლომდე არ აღსრულებულა.
მთავრობა პლასტმასის ბოთლებით მარკეტებში სასმლის გაყიდვის აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა. რაც შეეხება ვადებს, სოლომონ პავლიაშვილის თქმით, ახალი აკრძალვის ამოქმედება მომავალი წლიდან იგეგმება.
მისივე ცნობით, აკრძალვა არ შეეხება ზეთის პლასტმასის ბოთლში გაყიდვას და ასევე 10 ლიტრზე მეტი მოცულობის ბოთლებით წყლის გაყიდვას. ყველა დანარჩენ შემთხვევაში პლასტმასის ბოთლით სასმლის გაყიდვა აიკრძალება. შეზღუდვა არ შეეხება ექსპორტს.

