ახალი ამბები

კვერცხზე ფასი 5%-ით შემცირდება – მეფრინველეობის განვითარების ასოციაცია

მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრმა კომპანიებმა კვერცხზე ფასის შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კომპანიები: „სავანეთი“, „დილა“, „კოდა“ და „კუმისი“ მათ მიერ წარმოებულ კვერცხზე ფასს 5%-ით შეამცირებენ.

„სავანეთი“, „დილა“, „კოდა“ და „კუმისი“ აცხადებენ, რომ მათ მიერ წარმოებულ კვერცხზე, როგორც პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტზე, ფასის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. ფასის შემცირება 5%-იანი იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის გათვალისწინებით, რომელიც სასურსათო პროდუქციის ფასების შემცირებას უკავშირდება. ასოციაციის წევრი კომპანიები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც ფასების კლებასა და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. კომპანიებში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება გარკვეულ რისკებს შეიცავს მარჟებთან მიმართებით, პროდუქციის ფასის მცირედი მერყეობა შესაძლებელია იყოს წლის განმავლობაში და პირდაპირ დამოკიდებულია მსოფლიო ბაზარზე არსებულ ნედლეულის ფასზე, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება აღნიშნული რისკების მართვა და დაბალანსება.

ასოციაციის წევრი კომპანიები იმედოვნებენ, რომ მთავრობის აქტიური მუშაობა „რითეილ“ სექტორთან, ფასნამატების შემცირების მიმართულებით, გავლენას მოახდენს პროდუქციის საბოლოო ფასსა და ხელმისაწვდომობაზე. მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრი კომპანიები მზად არიან, ხელი შეუწყონ ბაზარზე სტაბილური და სამართლიანი ფასების ფორმირებას და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ფასებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილი საკოორდინაციო სამუშაო კომისია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით შეხვდა ქართველ მწარმოებლებს, „რითეილ“ სექტორს და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს. ასევე, ნავთობ იმპორტიორებს, სააფთიაქო ქსელებისა და ფარმაცევტთა ასოციაციის წარმომადგენლებს.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 24 დეკემბერს განაცხადა, რომ სურსათის ევროპულ და ქართულ ფასებს შორის დიდი სხვაობა განპირობებულია სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატით, რაც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს.