იანვარში საქართველოდან უცხო ქვეყნის 232 მოქალაქე გააძევეს – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში საქართველოდან უცხო ქვეყნის 232 მოქალაქე გააძევეს.
უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო დღეების განმავლობაში შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ქვეყნიდან 57 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს.
შსს განმარტავს, რომ მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად საქართველოდან გაძევებულნი არიან თურქეთის, ინდოეთის, ტაილანდის, რუსეთის, ჩინეთის, კუბის, აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, ირანის, უზბეკეთის, იემენის, საბერძნეთის, ალჟირის, ეგვიპტის, თურქმენეთის, იორდანიის, ისრაელის, მაროკოს, ნეპალის, ნიგერიისა და სირიის მოქალაქეები.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოდან გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

