შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავა – 15-ს ბრალი წარედგინება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს, ხოლო კიდევ 15 პირს ბრალი წარედგინება.
დაკავებულთაგან ნაწილი პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, ნაწილს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. მათ შორის სამი ე.წ. კანონიერი ქურდია.
აღნიშნულის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ბრალდებულებს ედებათ „ქურდული სამყაროს წევრობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა“ და „კანონიერი ქურდობა“.
შსს-ის ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული პირების მონაწილეობით ე.წ. ქურდული გარჩევები იმართებოდა, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდები: სულხან ჯაფარიძე (თვალჭრელიძე), მეტსახელად „სუხო“ და პეტრე ბაქრაძე, მეტსახელად „პაატა ტბილისკი“ მონაწილეობდნენ. ისინი მოქალაქეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებში ერთვებოდნენ და ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს.
გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი რევაზ უბილავა, მეტსახელად „ჯვარსკი“, ოჯახის წევრების, დედისა და ძმის დახმარებით აწყობდა ქურდულ გარჩევებს და იღებდა ე.წ. ქურდულ გადაწყვეტილებებს. პოლიციამ ისინი სხვა პირებთან ერთად დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით, ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდები“ – სულხან ჯაფარიძე (თვალჭრელიძე) მეტსახელად „სუხო“ და პეტრე ბაქრაძე მეტსახელად „პაატა ტბილისკი“ მონაწილეობდნენ. ისინი ერთვებოდნენ მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში და ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ, ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს.
გამოძიებით, ასევე, დგინდება, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი რევაზ უბილავა მეტსახელად „ჯვარსკი“ მისი ოჯახის წევრების – დედისა და ძმის დახმარებით, აწყობდა ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდა ე.წ.„ქურდული გადაწყვეტილებები. პოლიციამ ორივე მათგანი სხვა პირებთან ერთად დააკავა.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებსა და ე.წ. კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ორგანიზებულ დანაშაულთან, განსაკუთრებით კი ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ სისტემური ბრძოლა. საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა ის პირი, ვინც ჩაიდენს დანაშაულებრივ ქმედებას. ჩვენი მთავარი ამოცანაა დავიცვათ ჩვენი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება“, – აღნიშნა ვაჟა სირაძემ.

