2025 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 70% გაიხსნა – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 70 % გაიხსნა.
შსს-ს ცნობითვე, რეგისტრირებული დანაშაულის ზრდა განპირობებულია ნარკოდანაშაულების ფაქტების გამოვლენის თითქმის გაორმაგებული მაჩვენებლით. შარშან ნარკოტიკული დანაშაულის 10 475 ფაქტი დარეგისტრირდა, რაც წინა 2024 წელთან შედარებით 4 877 ფაქტით ანუ 87%-ით არის გაზრდილი.
უწყებიც ინფორმაციით, ზრდა ფიქსირდება ისეთი კატეგორიის დანაშაულების გამოვლენაში, როგორიც არის „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულები. საანგარიშო პერიოდში „ქურდული სამყაროს“ წევრობის, მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა 228 პირის მიმართ დაიწყო, მათ შორის „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით – 15 პირის მიმართ.
2025 წელს საგამოძიებო უწყებების მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, გაზრდილია ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტების გამოვლენა (+299 ფაქტი, +37,52 %).
2024 წელთან შედარებით, შემცირებულია სიცოცხლის წინააღმდეგ და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა. განზრახ მკვლელობების რაოდენობა შემცირებულია -11 ფაქტით, ხოლო ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები შემცირებული – 517 ფაქტით.
2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში შემცირებულია ბინიდან ქურდობის, ყაჩაღობის, გამოძალვის და თაღლითობის ფაქტები:
ბინიდან ქურდობა – შემცირებულია – 43 ფაქტით;
ყაჩაღობა – შემცირებულია – 22 ფაქტით;
თაღლითობა – შემცირებულია – 333 ფაქტით;
გამოძალვა – შემცირებულია -37 ფაქტით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა და მიგრაციული ნაკადების ეფექტიანი მართვა. მიგრაციის დეპარტამენტი სპეციალურ საიმიგრაციო კონტროლს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს, რათა უზრუნველყოს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დროული გამოვლენა და ქვეყნიდან გაძევება.
მიგრაციის წინააღმდეგ ეფექტიანად ბრძოლაზე მიუთითებს სტატისტიკური მონაცემები:
2025 წელს ქვეყნიდან გაძევებული იქნა უცხო ქვეყნის 1311 მოქალაქე. 2024 წელს ქვეყნიდან გაძევებული იქნა უცხო ქვეყნის 363 მოქალაქე; 2025 წელს ფიქსირდება 261% -იანი ზრდა წინა წელთან შედარებით”, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
