ახალი ამბები

2025 წელს 3.509 მლნ კვ.მ. ფართობის შენობა-ნაგებობა მიიღეს ექსპლუატაციაში – რომელ რეგიონში აშენდა ყველაზე მეტი ობიექტი

საქსტატის მიხედვით, გასულ წელს გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა წლიურად 4.2%-ით გაიზარდა.

უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში გაცემულია 11 578 სამშენებლო ნებართვა, 11.397 მლნ კვ.მ. ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 5.3%-ით ნაკლები).

მონაცემების მიხედვით, ნებართვების 70%-ზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 46.2% მოდის თბილისზე, 10.1% – ქვემო ქართლის რეგიონზე, 9.8 % – კახეთზე, და 6.9% – აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე.

როგორც საქსტატი აღნიშნავს, 2025 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

ამავე მონაცემების მიხედვით, 2025 წელს ექსპლუატაციაში მიღებულია 3.509 მლნ კვ.მ. ფართობის (წინა წელთან შედარებით 8.1%-ით მეტი) 3 393 ობიექტი (წინა წელთან შედარებით შედარებით 5.9%-ით ნაკლები).

ამასთან, ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, 34.4% – თბილისზე, 13% – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.5 % – კახეთზე და 8.8 % – ქვემო ქართლზე.