ახალი ამბები

შეიძლება ბიზნესი დაისაჯოს არა მხოლოდ კომპანიის, არამედ დირექტორის ან მეწილის განცხადების გამოც – ნიკა სიმონიშვილი

იურისტი, საია-ს ყოფილი თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ მეწარმე სუბიექტებთან დაკავშირებული რეგულაცია საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა და შეიძლება ბიზნესი დაისაჯოს არა მხოლოდ თვითონ კომპანიის მიერ გაკეთებული განცხადების, არამედ მისი დირექტორის ან მეწილის მიერ გაკეთებული განცხადების გამოც.

მან საკითხის შეფასებისას BMG-სთან განაცხადა, რომ ეს არის ტერორის მატარებელი რეგულაცია, რომელიც “ოცნების” მიერ ფულის არასასურველი მოძრაობის გაკონტროლებას ემსახურება.

საქმე ის არის, რომ მეწარმე სუბიექტი საჯარო პოლიტიკური აქტივობისთვის დაჯარიმდება – მორიგი შეზღუდვის ინიციატორი “ქართული ოცნებაა”. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დგინდება ახალი სამართალდარღვევა მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან.

ნიკა სიმონიშვილი აღნიშნავს, რომ პოლიტიკურ აქტივობად შეიძლება ჩაითვალოს თუნდაც “ოცნებისთვის” არასასურველი მედიების თუ ორგანიზაციების დაფინანსება ბიზნესის მხრიდან.

“მეწარმეებთან მიმართებით დაგეგმილი ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ძალიან ფართო შინაარსის მატარებელი არის და აქ, რა თქმა უნდა, ორი ძირითადი მიმართულება უნდა დავინახოთ: ვის ჩათვლიან პრაქტიკაში მეწარმე სუბიექტად და მეორე – რა ჩაითვლება პოლიტიკურ აქტივობად და ძირითადი საქმიანობის მიღმა განხორციელებულ საქმიანობად.
რა თქმა უნდა, მეწარმე სუბიექტის ცნებას კანონმდებლობა ითვალისწინებს და ეს მხოლოდ შესაბამისი სამეწარმეო სამართლის სუბიექტის ფორმით არსებული მეწარმე სუბიექტი უნდა ჩაითვალოს, მაგალითად: ინდივიდუალური მეწარმეები, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები, სააქციო საზოგადოებები თუ ასე შემდეგ. ანუ კონკრეტული მეწარმე სუბიექტები, რომელთა რიცხვი ათობით ათასი არის ამ ქვეყანაში. თუნდაც ინდივიდუალური მეწარმეების რიცხვი ძალიან დიდი არის, მცირე ბიზნესის სტატუსის მატარებელი ადამიანების რიცხვი ძალიან დიდია.

მაგრამ რეალურად, ამასაც რომ თავი დავანებოთ, შესაძლებელია, რომ მეწარმე სუბიექტად, მაგალითად, ჩაითვალოს არა მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მხრიდან გაკეთებული ცალკეული აქტივობა – მაგალითად ისეთი, როგორიც 28 ნოემბრის მოვლენების შემდეგ ჩვენ ვნახეთ “ფრი ბიზნესის” (Free Business) პლატფორმის შექმნა და აი ეს ბიზნესები შეიძლება, მაგალითად, პირველ რიგში მოექცნენ სწორედაც ამ რეგულაციის ქვეშ, ანუ მსგავსი განცხადებების გამკეთებელი ბიზნესები, ანუ უშუალოდ კომპანიები მოექცნენ ამ განცხადებების გაკეთების შემთხვევაში ამ რეგულაციების მოქმედების ქვეშ, არამედ დირექტორების, ანუ დირექტორების როგორც ფიზიკური პირების მიერ გაკეთებული, გადადგმული და განხორციელებული აქტივობების შედეგად, ასევე ამ კომპანიების დამფუძნებლებისა თუ მეწილეების თუ აქციონერების მიერ გაკეთებული განცხადებებიც შესაძლებელია იყოს აღქმული, როგორც ამ სამეწარმეო სუბიექტის გაკეთებულ განცხადებად. ამიტომ, აქ ძალიან ფართო ინტერპრეტირების შესაძლებლობას ტოვებს კანონი და შეიძლება ჩვენ ვიხილოთ, რომ ბიზნესი, კომპანია დაისაჯოს არა მხოლოდ თვითონ კომპანიის მიერ გაკეთებული განცხადების, არამედ მისი დირექტორის ან მეწილის მიერ გაკეთებული განცხადების გამო.

ეს პოლიტიკური აქტივობა შეიძლება იყოს პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებული განცხადება. შესაძლებელია ეს იყოს, მაგალითად, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მიღება, ისეთი, როგორიც არის მაგალითად პროტესტში მონაწილეობის მიღება – რომლის უფლებაც, რა თქმა უნდა, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, მაგრამ ეს შეიძლება გარკვეულ პოლიტიკურ აქტივობად ჩაითვალოს და ტერორის ინსტრუმენტად იყოს გამოყენებული. რომელიმე ბიზნესი თუ მხარს დაუჭერს რომელიმე ორგანიზაციას, გარკვეულ შემოწირულობას გააკეთებს მედიაზე ან თუნდაც სამოქალაქო საზოგადოების რომელიმე ორგანიზაციაზე, რომლის მიზნობრიობაც “ქართულ ოცნებას” არ მოეწონება – ეს შეიძლება პოლიტიკურ აქტივობად ჩათვალონ და ბიზნესი მოექცეს “ქართული ოცნების” ტერორის მატარებელი ახალი რეგულაციის ქვეშ.

ამით ცდილობს “ქართული ოცნება”, რომ აღარ არსებობდეს ამ ქვეყანაში თავისუფალი ფული. ამას ემსახურება, რომ გააკონტროლოს ბიზნესი მაქსიმალურად (განსაკუთრებით “ურჩი” ბიზნესი და უკონტროლო ბიზნესი) და მეორე მხრივ – გააკონტროლოს უცხოეთიდან შემომავალი თანხები”,- ამბობს იურისტი.