ახალი ამბები

ტურიზმის ადმინისტრაცია -2025 წელს საქართველოს 5.5 მილიონი ტურისტი ესტუმრა

2025 წელს საქართველოში ტურისტული ვიზიტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს – 5,521,866 ვიზიტს მიაღწია, რაც 2024 წელთან შედარებით 8.4%-იანი ზრდაა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ამავე პერიოდში, ქვეყანაში სულ 7,803,239 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც წლიურ ჭრილში 5.9%-ით მეტია.

რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს და დიდ ბრიტანეთს, 2025 წელს აღნიშნული ბაზრებიდან საქართველოში 499,890 ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით 14%-იანი ზრდაა. რეკორდული მატება აღინიშნა გაერთიანებული სამეფოდან (+39.1%; +12,646 ვიზიტი), იტალიიდან (+39.4%; +7,840), ესპანეთიდან (+48.6%; +7,167), საბერძნეთიდან (+28.2%; +7,765) და საფრანგეთიდან (+17.4%; +4,917).

ზრდა ფიქსირდება სხვა მიზნობრივი ტურისტული ბაზრებიდანაც. 2025 წელს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში 145,513 ვიზიტი განხორციელდა, რაც 3.4%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. მათ შორის გამორჩეულია საუდის არაბეთი, საიდანაც ვიზიტები 9.1%-ით გაიზარდა (+8,042 ვიზიტი).

მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა ისრაელიდან (+91,444 ვიზიტი; +29.4%), აზერბაიჯანიდან (+72,793 ვიზიტი; +33.2%) და ჩინეთიდან (+39,312 ვიზიტი; +44.4%).

ადმინისტრაცია წერს, რომ 2025 წელს საერთაშორისო ტურისტული ვიზიტებით განსაკუთრებით გამორჩეული იყო მეოთხე კვარტალი. სექტემბერი–დეკემბრის პერიოდში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს – 1,214,772 ვიზიტს მიაღწია, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.5%-იანი ზრდაა.

რაც შეეხება საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტებს, 2025 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში 1,693,484 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი დაფიქსირდა, რაც წლიურად 7.6%-ით გაზრდილ მაჩვენებელს წარმოადგენს.