შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესში ცვლილება შედის
შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესში ცვლილება შედის. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2026 წლის 13 იანვრის ბრძანება უკვე გამოქვეყნდა.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, შემსყიდველ ორგანიზაციასა და პოტენციურ მიმწოდებელს შორის, მიმოწერა უნდა განხორციელდეს მხოლოდ თითოეული შემსყიდველი ორგანიზაციისთვის შექმნილი ელექტრონული ფოსტის მისამართის საშუალებით.
სხვა ელექტრონული ფოსტის მისამართის საშუალებით მიღებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში) არ გაითვალისწინება.
ბრძანების მიხედვით, ცვლილება არ ეხება MRS მოდულის საშუალებით წარმოებულ მიმოწერას.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოც. სააგენტოს ინფორმაციით, ინდივიდუალური ელექტრონული ფოსტის მისამართები უკვე შეიქმნა ერთიან ელექტრონულ სისტემაში „შემსყიდველი ორგანიზაციის“ სტატუსით რეგისტრირებული ყველა მომხმარებლისთვის.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ტექნიკური ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფოსტით სარგებლობისთვის აუცილებელი პაროლები, სააგენტოს მიერ შესაბამის შემსყიდველ ორგანიზაციებს დაეგზავნებათ.
აღსანიშნავია, რომ ელექტრონული ფოსტის მისამართზე შემოსული, აგრეთვე ამავე ელ. ფოსტიდან გაგზავნილი შეტყობინებების წაშლა შემსყიდველი ორგანიზაციისთვის ნებადართული არ იქნება.
ცვლილება ძალაში 2026 წლის 15 იანვრიდან შედის.

