ახალი ამბები

როდიდან მოუწევთ ავტობუსებს და „მარშუტკებს“ შორ მანძილზე გადაადგილებისას ტაქოგრაფისა და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის დამონტაჟება – დადგენილება

ავტოსადგურებს უფლება ექნებათ მოემსახურონ ქვეყნის შიდა რეგულარულ გადაყვანებში ჩართულ მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც 50 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის მოძრაობის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალებას ტაქოგრაფით აღჭურავენ. ამის შესახებ 2025 წლის 31 დეკემბრის დადგენილებიდან ირკვევა.

როგორც დოკუმენტში წერია, ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, ავტოსადგური უნდა მოემსახუროს მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც აღჭურვილია:

ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობით − ტაქოგრაფით, 50 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის მოძრაობისას;
სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით

ამასთანავე, დადგენილების მიხედვით, ტაქოგრაფით ავტომობილის აღჭურვის ვალდებულება თბილისსა და ბათუმს შორის მოძრაობისას 2027 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდება, ხოლო საქართველოში მდებარე ყველა სხვა დასახლებას შორის 2027 წლის 1-ელი დეკემბრიდან;

რაც შეეხება სიჩქარის შემზღუდველ მოწყობილობას, თბილისსა და ბათუმს შორის მოძრაობის შემთხვევაში ვალდებულება იმოქმედებს 2027 წლის 1-ელი მარტიდან, ხოლო საქართველოში მდებარე ყველა სხვა დასახლებას შორის 2027 წლის 1-ელი დეკემბრიდან.