ახალი ამბები

სკოლაში შესვლას 6 წლამდე ასაკის ბავშვები ვეღარ შეძლებენ

2026 წლიდან სკოლაში შესვლას 6-წლამდე ასაკის ბავშვები ვეღარ შეძლებენ.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2026 წლიდან, ყოველ მომდევნო წელს, სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც ყოველი წლის 15 სექტემბრის ჩათვლის შეუსრულდებათ 6 წელი“, – განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ.

ცნობისათვის, სკოლაში შემსვლელთა ასაკობრივ ზღვარი ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა. მაგალითად, 2022-2023 სასწავლო წლისთვის სკოლაში შესვლის უფლება იმ ბავშვებსაც მიეცათ, რომლებიც 6 წლის ნაცვლად სწავლის დაწყების თარიღისა, 1-ელ ოქტომბრამდე გახდნენ. 2023-2024 წელს პირველკლასელთა ასაკობრივი ზღვარი კიდევ შემცირდა და იმ წელს პირველ კლასში შესვლა იმ ბავშვებს შეეძლოთ, რომელთაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე უსრულდებოდათ. 2024-2025 სასწავლო წელს სკოლაში იმ ბავშვების დარეგისტრირებაც დაუშვეს, ვისაც 6 წელი 1 დეკემბრამდე უსრულდებოდა, 2025-2026 სასწავლო წლისთვის კი დაბადების თარიღმა 31 დეკემბრამდე გადაიწია. აღსანიშნავია, რომ 2022 წლამდე პირველ კლასში მხოლოდ იმ ბავშვებს იღებდნენ, ვისაც 6 წელი სასწავლო პროცესის დაწყებამდე უსრულდებოდათ.