ახალი ამბები

უცხოელ ტურისტებს საქართველოში შემოსვლისას ახალი ვალდებულება უჩნდებათ

2026 წლის 1-ლი იანვრიდან უცხოელ ტურისტებს საქართველოში შემოსვლისას ახალი ვალდებულება უჩნდებათ.

საუბარია, ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევების დაზღვევის პოლისზე, რომლის მატერიალური ან ელექტრონული ფორმით (ქართულ, ან ინგლისურ ენაზე) ქონა, მათთვის სავალდებულო ხდება.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია განმარტავს, პოლისის სადაზღვეო თანხა სავალდებულოა და შეადგენდეს არანაკლებ 30 000 ლარს. ამასთან, პოლისი შეიძლება გაცემული იყოს როგორც ქართული, ასევე უცხოეთის სადაზღვეო კომპანიის მიერ.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, პოლისში აუცილებელია მითითებული იყოს შემდეგი მონაცემები:

დაზღვევის მხარეები;
დაფარული ტერიტორია;
დაზღვევის საგანი;
დაზღვევისა დაწყებისა და დასრულების დრო;
სადაზღვეო რისკები და სადაზღვეო თანხის ოდენობა (ლიმიტები);
სადაზღვეო შესატანის მოცულობა, გადახდის ადგილი და ვადა.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ტურისტს ჯანმრთელობა და უბედური შემთხვევა დაზღვეული უნდა ჰქონდეს საქართველოში შემოსვლიდან მისი დაყოვნების სრულ პერიოდზე.

რაც შეეხება პირებს, ვისაც პოლისის ქონის ვალდებულება არ შეეხება, ჩამონათვალი ასეთია:

დიპლომატიური ან სპეციალური ვიზის მფლობელ პირებზე;

დიპლომატიური, ოფიციალური, სამსახურებრივი ან სპეციალური პასპორტის მფლობელ პირებზე;

საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების აკრედიტებულ თანამშრომლებზე, აგრეთვე თანამშრომელთა იმ ოჯახის წევრებზე, რომლებსაც აქვთ აკრედიტაცია;

პირებზე, რომელთა საქართველოში შემოსვლა გათვალისწინებულია საერთაშორისო შეთანხმებით ან ხელშეკრულებით;

საერთაშორისო საავტომობილო სატვირთ გადაზიდვებსა და სამგზავრო გადაყვანაში ჩართულ მძღოლებზე.

ცნობისთვის, „ტურიზმის შესახებ“ კანონის შესაბამისად, საქართველოში შემომსვლელი ტურისტებისთვის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა 2024 წლის 1-ელი ივნისიდან უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა, კანონის შესაბამისი ნორმა 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდა.

როგორც მაშინ პროექტი ინიციატორები განმარტავდნენ, დადგენილების შემუშავების პროცესში მთელი რიგი საკითხები გამოიკვეთა, რამაც მიზანშეწონილი გახადა კანონის შესაბამისი მოთხოვნის გადავადება.