„საახალწლო პერიოდში ყველაზე მეტად ხდება ცხენის ხორცის რეალიზაცია“ – ირაკლი არაბული
„საახალწლო პერიოდში ყველაზე მეტად ხდება ცხენის ხორცის რეალიზაცია“, – ამის შესახებ „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“, სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა, ირაკლი არაბულმა, განაცხადა და ისაუბრა იმის შესახებ, თუ რას უნდა მიაქციონ ყურადღება მომხმარებლებმა პროდუქციის შეძენისას.
მისი თქმით, ცხენის ხორცი ყველაზე მეტად საქონლის ხორცს ჰგავს, რის გამოც, სწორედ საქონლის ხორცის სახელით ხდება მისი რეალიზაცია. ამასთანავე, რესპონდენტი აღნიშნავს, რომ საქონლისა და ცხენის ხორცის გარჩევა ზუსტად მხოლოდ ლაბორატორიის საშუალებით არის შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, არაბულის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებმა ბეჭდიანი და შემოწმებული ხორცი შეიძინონ.
„საახალწლო პერიოდში ყველაზე მეტად ხდება ცხენის ხორცის რეალიზაცია, წლის განმავლობაში ბუმი არის ეს პერიოდი ცხენის ხორცის რეალიზაციისთვის. საქონლის ხორცს ჰგავს ყველაზე მეტად ცხენის ხორცი და ძირითადად, საქონლის ხორცის სახელით რეალიზაცია ხდება. თუ დაიდება დახლზე და გამყიდველი იტყვის, რომ ეს არის ცხენის ხორცი, მას არავინ იყიდის. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ფალსიფიკაციასთან, რაც პირდაპირ მომხმარებლის უფლებების დარღვევა და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა.
ძალიან ძნელია მომხმარებელმა გაარჩიოს, ხორცი ცხენის არის თუ საქონლის, თითქმის შეუძლებელია. არსებობს რამდენიმე წესი, მაგალითად ამბობენ, რომ ცხენის ხორცს განსხვავებული ნეკნის ფორმა აქვს, მაგრამ შესაძლოა, ნეკნი სულაც არ იყოს რეალიზაციაში. ამასთანავე, ეს მხოლოდ ძალიან გამოცდილმა ვეტერინარმა შესაძლოა, გაარჩიოს. 100%-იანი სიზუსტით დადგენა მხოლოდ ლაბორატორიას შეუძლია. თუ ბეჭედი აქვს ხორცს დარტყმული, ის 100-დან 99%-ის შემთხვევაში ცხენის ხორცი არ იქნება, რადგან ბეჭედს არტყამს სახელმწიფო ვეტერინარი და ის ცხენის სახელით არ გამოუშვებს საქონლის ხორცს.
ხორცი და ზოგადად, მალფუჭებადი პროდუქტები უნდა შევიძინოთ ორგანიზებული ვაჭრობის ობიექტებიდან, დანარჩენი პროდუქტები, რასაც შემდეგ გავრეცხავთ და ნაკლები რისკის მატარებელია, შეგვიძლია მსგავსი ადგილიდან შევიძინოთ“, – განაცხადა ირაკლი არაბულმა.

