ახალი ამბები

ვინ გათავისუფლდება ჯარიმა/საურავებისგან

პარლამენტმა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონპროექტს 79 ხმით, მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის მიხედვით, ერთჯერადი დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული ადმინისტრაციული სახდელის − ჯარიმის (მათ შორის, გასამმაგებული და გასამმაგებულის გასამმაგებული ჯარიმის) ან/და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) საქმიანობა სანებართვო პირობების დარღვევით ან შესაბამისი ნებართვის გარეშე განახორციელა 2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე.

პროექტი “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს. ინიციატორთა ინფორმაციით, 2025 წლის ოქტომბრის სტატისტიკური მონაცემებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დარიცხულმა სანქციებმა მნიშვნელოვანი მასშტაბი შეიძინა. კერძოდ, საუბარია ათასობით ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელთა ჯამური ვალდებულება 8 მილიონ ლარამდეა.

„კერძოდ, ა) 135/4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ნებართვის მფლობელებზე, ნებართვის გაცემის ფასის გადაუხდელობის მიზეზით შედგენილი და აღუსრულებელია: – გადაუხდელი ჯარიმა – 6 832 საქმე, 656 542 ლარი; ბ) გადაუხდელი ჯარიმა + საურავი – 15 400 საქმე, 4 865 000 ლარი; გ) აღსასრულებლად გადაცემული და ჯერ არ აღსრულებული – 3 394 საქმე, 1 115 942 ლარი; დ) გასაჩივრებულია 814 საქმე, 178 840 ლარი.

135/4 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით შედგენილი და აღუსრულებელია: ა) გადაუხდელი ჯარიმა – 787 საქმე, 157 400 ლარი; ბ) გადაუხდელი ჯარიმა + საურავი – 417 საქმე, 250 200 ლარი; გ) აღსასრულებლად გადაცემული და ჯერ არ აღსრულებული – 834 საქმე, 500 400 ლარი; დ) გასაჩივრებულია 722 საქმე, 218 600 ლარი.

აღნიშნული მონაცემები აჩვენებს, რომ ჯამურად საუბარია ათასობით ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელთა ჯამური ვალდებულება 8 მილიონ ლარამდეა.

ეს ფაქტობრივი მოცემულობა ამყარებს არგუმენტს, რომ ერთჯერადი სამართლებრივი შეღავათი მიზანშეწონილია როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ისე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი თვალსაზრისით”, – აღნიშნულია საკანონმდებლო ცვლილებების განმარტებით ბარათში.