ახალი ამბები

9 თვეში საქართველოში ავტოავარიებს 345 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 112 ქვეითი

2025 წლის 9 თვეში საქართველოში მომხდარ ავტოავარიებს სულ 345 ადამიანი ემსხვერპლა, საიდანაც 112 ქვეითი იყო – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. შესაბამისად, საქართველოში საშუალოდ ყოველდღე ხდება ისეთი ავტოავარია, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.

შსს-ს თანახმად, ავტოავარიების უმეტესობა ორ მსუბუქ ავტომობილს შორის ხდება, მეორე ადგილზეა მსუბუქ ავტომობილსა და ქვეითს შორის ავარია, მესამეზე კი მსუბუქ ავტომობილსა და მოტოციკლს შორის ავტოსაგზაო შემთხვევა.

გამომწვევ მიზეზებს შორის პირველ ადგილს იკავებს შემხვედრ ზოლში გადასვლის და გასწრების დროს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევები, მეორე ადგილზეა სიჩქარის გადაჭარბება, მესამეზე კი არასწორი მოხვევის მანევრი.

შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა – გამომწვევი მიზეზების რაოდენობა: 1015; დაიღუპა: 93; დაშავდა: 1787.

მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება – გამომწვევი მიზეზების რაოდენობა: 526; დაიღუპა: 92; დაშავდა: 789.

მოხვევის მანევრი – გამომწვევი მიზეზების რაოდენობა: 1207; დაიღუპა: 91; დაშავდა: 1757.

ქვეითის მიერ გადასასვლელით არასათანადო სარგებლობა – გამომწვევი მიზეზების რაოდენობა: 978; დაიღუპა: 77; დაშავდა: 970.

სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში – გამომწვევი მიზეზების რაოდენობა: 326; დაიღუპა: 44; დაშავდა: 458.

დისტანციის დაუცველობა – გამომწვევი მიზეზების რაოდენობა: 657; დაიღუპა: 35; დაშავდა: 930.

შეჯახება დაბრკოლებაზე – გამომწვევი მიზეზების რაოდენობა: 305; დაიღუპა: 17; დაშავდა: 364.

ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა – გამომწვევი მიზეზების რაოდენობა: 134; დაიღუპა: 15; დაშავდა: 239.

საგზაო ნიშნის ან მონიშვნის დაუმორჩილებლობა – გამომწვევი მიზეზების რაოდენობა: 231; დაიღუპა: 7; დაშავდა: 337.

გზაჯვარედინის გავლის წესების დარღვევა – გამომწვევი მიზეზების რაოდენობა: 203; დაიღუპა: 1; დაშავდა: 311.

რაც შეეხება რეგიონულ განაწილებას, ყველაზე მეტი 1990 ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში აღირიცხა, მეორე ადგილზეა აჭარა 499 შემთხვევით, მესამეზე კი იმერეთი 497 ავტოსაგზაო შემთხვევით.