ექთნებისთვის სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის აკრძალვა გადავადდება
ექთნებისთვის სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის გარეშე საქმიანობის აკრძალვა 2027 წლის ივლისამდე გადავადდება.
პარლამენტმა გამარტივებული წესით განიხილა და მიიღო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომლითაც ცვლილება შედის „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 154-ე (4) მუხლის პირველ პუნქტში, რომლითაც ხდება დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფოსერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის გარეშე საექთნო ან მეან-ექთნის განათლების მქონე პირის საქმიანობის აკრძალვის ამოქმედების თარიღის გადავადება. ექთნების სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა ქვეყანაში 2026 წლის იანვრიდან უნდა აკრძალულიყო.
“საკანონმდებლო რეგულაციების სრულად ამოქმედების ამჟამად განსაზღვრული ვადების შენარჩუნება (რა შემთხვევაშიც არის შესაძლებელი ფორმალურად ყველა პროცესის დასრულება) სერვისის მიმწოდებელი სექტორისთვის დამატებითი წნეხის მომტანია, რადგან მოსალოდნელია შეიქმნას მწვავე პროფესიული დეფიციტი. შესაბამისად, მოსამზადებელი პერიოდის გახანგრძლივება და, ერთი მხრივ, მიმდინარე ეტაპზე სექტორის ამ წნეხისგან გათავისუფლება, ხოლო, მეორე მხრივ, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებული ექთნების და მეან-ექთნების კვალიფიციური გუნდის ჩამოყალიბების მნიშვნელობის აღიარება, განაპირობებს ამ ორ საჭიროებას შორის გონივრული ბალანსის დადგენას.
ზემოთ მოყვანილი გარემოებების გათვალისწინებით, იმისათვის, რათა გარდამავალ პერიოდში არ შეიქმნას გაუმართლებელი დაბრკოლებები ელექტრონულ სისტემაში ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრში ავტორიზაციის, აგრეთვე დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან- ექთნის საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების პროცესის შეუფერხებლად განხორციელების თვალსაზრისით, საჭიროა კანონის სრულად ამოქმედებისთვის დადგენილი გარდამავალი პერიოდის გახანგრძლივება, რათა რეგულაციების ეტაპობრივი ამოქმედების პირობებში უზრუნველყოფილ იქნეს სისტემის მზაობა”, – წერია განმარტებით ბარათში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ექთანს დამოუკიდებელი საექთნო ან მეანი-ექთნის საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის/სერტიფიკატის გარეშე საქმიანობა 2027 წლის ივლისიდან აეკრძალება. დარღვევის შემთხვევაში ისინი ადმინისტრაციული წესით 2000 ლარით დაჯარიმდებიან.

