ახალი ამბები

გაყოფა სახელმწიფო და კერძო ამზომველად აზრთა სხვადასხვაობებს აჩენს – სპეციალისტი

„გაყოფა სახელმწიფო და კერძო ამზომველად აზრთა სხვადასხვაობებს აჩენს“, – ასე აფასებს „ბიზნესპრესნიუსთან“ სამშენებლო სამართლის სპეციალისტი უჩა ზაქაშვილი მთავრობის გადაწყვეტილებას სახელმწიფო ამზომველის ინსტიტუტის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, მთავრობა სახელმწიფო ამზომველის ინსტიტუტს აფუძნებს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, გადაამოწმოს კერძო ამზომველის მიერ ჩატარებული სამუშაოებიც. როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი დგებუაძემ განაცხადა, საჯარო რეესტრს უკვე ჰყავს ხელშეკრულებით დასაქმებული 600 ამზომველი, ამ ადამიანური რესურსით იგეგმება სახელმწიფო ამზომველის ინსტიტუტის შექმნაც. მისივე თქმით, ფუნქციონირებას გააგრძელებს კერძო ამზომველის ინსტიტუტიც და მოქალაქის გადასაწყვეტი იქნება, ვისზე შეაჩერებს არჩევანს.

როგორც უჩა ზაქაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, 600 პრივილეგირებული ამზომველით ბაზარზე შესვლამ შესაძლოა, უკვე არსებულ კომპანიებს პრობლემები შეუქმნას.

„ყველაზე ჯანმრთელი იქნებოდა ისეთი პროცესი, თუ ცენტრალიზებულ აკრედიტაციას დავუქვემდებარებდით ამ სფეროს. ნებისმიერ სფეროზე შეგვიძლია ამის თქმა. როდესაც ცენტრალიზებული რეგულირება არსებობს, ყველა ერთ სიბრტყეში განიხილება, ვინც გადალახავს აკრედიტაციას ან სერტიფიცირებას. ასეთ შემთხვევაში მათზე კონტროლს და ზედამხედველობასაც მაკრედიტირებელი ორგანო ახორციელებს და თამაშის წესებიც ნათელია. თანასწორობაც შენარჩუნებულია იმიტომ, რომ ერთი და იგივე პრინციპით ხდება როგორც აკრედიტაცია, ასევე კონტროლი.

სეგმენტის გაყოფა სახელმწიფო და კერძო ამზომველად, უკვე აჩენს და მომავალშიც შეიძლება გააჩინოს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობები. იქიდან გამომდინარე, რომ უფრო პრივილეგირებულად განვიხილავთ გარკვეულ წრეს. შესაძლოა, ისინი მართლა ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები არიან, მაგრამ ვერ ვიტყვით დაჟინებით იმას, რომ კერძო სექტორში არ არიან მაღალი დონის სპეციალისტები. ეს შეფასებითია და რთულია ამის თქმა.

როდესაც სახელმწიფოს ქოლგის ქვეშ ორგანიზაციაში შეგვყავს კონკრეტული ერთეულები და თან ვანიჭებთ გარკვეული კონტროლის მექანიზმებს ამ სეგმენტის გარეთ არსებულ იმავე სპეციალისტებზე, ეს უკვე რანჟირებაა, დაყოფაა. ჩემი აზრით, ეს ყოველთვის უარყოფითი შედეგის მომტანია. თუ გვაქვს რაღაც კვალიფიკაციის მაღალი სტანდარტის დანერგვის სურვილი, ერთი რეგულაციის ქვეშ, აკრედიტაციის გამცემი ორგანოს ქვეშ უნდა განვახორციელოთ ეს. თუ არსებული აკრედიტაციის ორგანო არ არის კომპეტენტური ამ მიმართულებით, მაშინ უნდა შევქმნათ ახალი. ასევე, მსგავსი პრინციპი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ თუ ვინმე არაკვალიფიციურია, ბევრ შეცდომებს უშვებს და მოქალაქეებს აზარალებს, გავუჩეროთ ეს აკრედიტაცია.

რაც ასევე მნიშვნელოვანია, მსგავს შემთხვევებში შეგიძლია ფასი უკარნახო ბაზარს. პრაქტიკულად, დომინაცია გაქვს. 600 ამზომველით რომ ხარ წარმოდგენილი, ბუნებრივია, შეგიძლია დომინირება გააკეთო. თუ ასეთი ტიპის ფიქსირებული ფასები შემოვა, გამოდის, რომ ბაზრის კორექტურაშიც ვერევით. არ მგონია საქართველო ისეთი დიდი ბაზარი იყოს, რომ 600 პრივილეგირებული ამზომველის ჩართვით, ბაზარზე არსებულ სხვა კომპანიებს პრობლემა არ შეექმნათ. ძალიან რთულია პროგნოზის გაკეთება, მაგრამ უფრო მოსალოდნელია შეექმნათ პრობლემები, ვიდრე არა.

სავარაუდოდ, ეს ინიციატივა სახელმწიფოს გაუჩნდა იმიტომ, რომ სისტემური რეგისტრაცია მთავრდება. რეგისტრაციის ფარგლებში, ბევრი ამზომველი დაიმატა საჯარო რეესტრმა. როგორც ჩანს, მართლა კვალიფიციური კადრები არიან და არ უნდათ მათი სამსახურებიდან გაშვება. ეს ცუდი არ არის, კარგია, უბრალოდ, უნდა იყოს თანაბარი რეგულაცია. ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გახდეს სახელმწიფო ამზომველი. ან შესაძლებელი უნდა იყოს, სახელმწიფო ამზომველიც იყო და თან კერძო სექტორშიც იმუშაო. გათანაბრებული უნდა იყოს პირობები ყველასთვის, ვინც მაგ სფეროშია. რახან შენ სახელმწიფო ამზომველი ხარ, შეგიძლია ვიღაცას დაუწუნო მის მიერ მომზადებული დოკუმენტი, ეგ პრივილეგია არ მგონია მართებული. თამაშის წესები ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს“, – განაცხადა უჩა ზაქაშვილმა.