ახალი ამბები

კომპანია Farmway-მ კახეთში ნუშის ბაღები გააშენა

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, კომპანია Farmway-მ კახეთში ნუშის ბაღები გააშენა.

პროექტის ჯამური ღირებულება 20 მლნ. ლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 12 მლნ. ლარს შეადგენს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში დედოფლისწყაროში 240 ჰა. ფართობ ტერიტორიაზე ნუშის ბაღები გაშენდა. ინვესტიცია ნერგების შესყიდვას, სარწყავი სისტემისა და ბაღის გაშენებისთვის ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდა. კომპანია მოსავლის ევროპაში, ემირატებში, ინდოეთსა და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტს გეგმავს.

„Farmways-ის მიზანია ხელი შევუწყოთ, განვავითაროთ და გარდავქმნათ აგროსექტორი საქართველოში. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვით და დამატებითი ღირებულების მქონე კულტურების მოყვანით, ჩვენ ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს, ვზრდით ექსპორტს და ვაძლიერებთ საქართველოს პოზიციას გლობალურად, საერთაშორისო ბაზრებზე. საქართველოს ბანკთან პარტნიორობა გვეხმარება დასახულ მიზანს უფრო სწრაფად მივაღწიოთ – განვავითაროთ აგროსექტორი, დავნერგოთ თანამედროვე მიდგომები და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ“, – განაცხადა გიორგი სანიკიძემ, Farmway-ის გენერალურმა დირექტორმა.