სანქცირებულ პირთან გარიგებაში შესვლის შემთხვევაში ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი დაჯარიმდება
პარლამენტმა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.
კანონში შესატანი ცვლილებები არეგულირებს სანქცირებულ პირებთან ურთიერთობას. კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, სანქცირებულ პირებთან გარიგებაში შესვლის შემთხვევაში ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი დაჯარიმდება.
პროექტის მიხედვით, პირველ ჯერზე ფიზიკური ან იურიდიული პირის მიმართ გამოყენებული იქნება გაფრთხილება, ქმედების განმეორების შემთხვევაში კი, ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით განისაზღვრება.
„პროექტის თანახმად, ანგარიშვალდებული პირისთვის სავალდებულო გახდება ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გასაგზავნ საეჭვო გარიგების ანგარიშგებაში, რომელიც სანქციადაკისრებული პირების ქონებას შეეხება, ქონების თაობაზე ინფორმაციის მითითება.
გარდა ამისა, კანონს ემატება X1 თავი, რომლითაც მოწესრიგდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, კანონპროექტის შემუშავების მიზანია ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის – MONEYVAL-ისა და გაერო-ს ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის რეკომენდაციების გათვალისწინება“, – აღნიშნულია პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

