“ოცნება” დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვნებისთვის რეაბილიტაციის ცენტრს ქმნის – კანონპროექტი
“ოცნების” პარლამენტი ცვლილებებს განიხილავს, რომლის ფარგლებშიც დანაშაულის ჩამდენი 14 წლამდე არასრულწლოვნებისთვის საკანონმდებლო ჩარჩო შეიქმნება.
კანონპროექტის თანახმად, დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვნებისთვის რეაბილიტაციის ცენტრი შეიქმნება. შესაბამისი ცვლილებების განხილვა უკვე დაწყებულია.
„კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, დღეის მდგომარეობით არ არსებობს საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც სრულყოფილად მოაწესრიგებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი პირის მიერ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან ეფექტიანი რეაგირების და არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის საკითხებს. პროექტის მიღებით კი, შეიქმნება ეფექტიანი რეაგირების მექანიზმების ფუნქციონირებას.
პროექტის თანახმად, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი განიმარტება, როგორც არასრულწლოვანი, რომელთან მიმართებაშიც პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასტურდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა და რომელსაც ამ ქმედების ჩადენამდე არ შესრულებია თოთხმეტი წელი.
პროექტით განსაზღვრული ამოცანების ეფექტიანად აღსრულებისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შეიქმნება ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი, რომელიც იქნება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის წარმმართავი და მაკოორდინირებელი ორგანო.
კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესი შედგება რამდენიმე ეტაპისგან, კერძოდ:
კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ცენტრში გადამისამართება;
კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მდგომარეობისა და მისი ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება;
კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის შესაბამის სერვისებში/პროგრამებში ჩართვა ან/და გადამისამართება;
კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის შესაბამის სერვისებში/პროგრამებში მონაწილეობის მონიტორინგი;
შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულების შემდეგ არასრულწლოვნის მდგომარეობაზე მონიტორინგის განხორციელება;
კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართება.
არასრულწლოვნის ცენტრში გადამისამართებას განახორციელებს პროკურორი. ამის შემდეგ ცენტრი იწყებს არასრულწლოვნის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებას. ამ მიზნით ცენტრი უფლებამოსილი იქნება ინფორმაცია მიიღოს არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლისგან, აგრეთვე, ინფორმაცია გამოითხოვოს სახელმწიფოს სხვადასხვა ორგანოდან ან/და სხვა ისეთი პირიდან ან დაწესებულებიდან, რომელსაც შეიძლება ინფორმაცია გააჩნდეს მასზე. ცენტრი მოამზადებს არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, რომელიც განსაზღვრავს მის ინდივიდუალურ მახასიათებლებსა და საჭიროებებს. მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სერვისებში/პროგრამებში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მონაწილეობის საერთო ვადა არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები და 12 თვეზე მეტი. აღნიშნული ვადა, საჭიროების შემთხვევაში, მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებით, ყოველ ჯერზე, შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 12 თვის ვადისა.
აღსანიშნავია, რომ მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ ცენტრთან თანამშრომლობაზე უარი, ცენტრისთვის კანონმდებლობით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებაში სხვაგვარად ხელის შეშლა ან კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის სერვისში/პროგრამაში ჩართვის თაობაზე მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.
ამას გარდა, იქმნება არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლი. სასამართლოს გადაწყვეტილებით, არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში დასაშვები იქნება 10-დან 18 წლამდე ასაკის კანონთან კონფლიქტში მყოფი იმ არასრულწლოვნის გადამისამართება, რომელმაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა 10-დან 14 წლამდე ასაკში.
“არსებობს შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნის ინდივიდუალური მახასიათებლების, საჭიროებებისა თუ მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსისა და სიმძიმის გამო, არასრულწლოვნის სერვისში/პროგრამაში ჩართვა არაეფექტიანია. აგრეთვე, არასრულწლოვნისგან მომავალი საფრთხის გათვალისწინებით, შეიძლება სერვისში/პროგრამაში ჩართვას იმთავითვე არ ჰქონდეს პოზიტიური შედეგების მიღწევის პოტენცია და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, თავიდანვე საჭირო იყოს უფრო ინვაზიური მეთოდების გამოყენება. სწორედ მსგავს შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით იქმნება არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლი, რომელში გადამისამართების მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია, მხარდაჭერა და იგი არ წარმოადგენს არასრულწლოვნის დასჯის ღონისძიებას”,- წერია დოკუმენტში.
კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართება დასაშვებია 6 თვემდე ვადით. აღნიშნული ვადა მულტიდისციპლინური ჯგუფის მიმართვის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს საჭიროებისამებრ, ყოველ ჯერზე 6 თვემდე ვადით. არასრულწლოვანი უფლებამოსილი იქნება თავისუფლად გადაადგილდეს დასახელებული სახლის ტერიტორიაზე, თუმცა გადამისამართების ვადის ამოწურვამდე, შესაბამისი თანხმობის გარეშე, დაუშვებელი იქნება მის მიერ სახლის დატოვება.
კანონპროექტის ძირითადი ნორმების ამოქმედება გათვალისწინებულია 2026 წლის 1 იანვრიდან, ხოლო გარდამავალი და დასკვნითი დებულებების – კანონის გამოქვეყნებისთანავე.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან: საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, არჩილ გორდულაძე, თენგიზ შარმანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ზურაბ ქადაგიძე, თორნიკე ჭეიშვილი, სალომე ჯინჯოლავა, ალუდა ღუდუშაური.

