რატომ იზრდება გზებზე სიკვდილიანობის და ავარიების რაოდენობა ჯარიმების ზრდის მიუხედავად? – განმარტება
შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ საზოგადოებაში ხშირად ჩნდება კითხვა, თუ რატომ არ იკლებს ავარიები და მსხვერპლი მაშინ, როდესაც ჯარიმები ეტაპობრივად მუდმივად მატულობს. დარახველიძე აღნიშნავს, რომ ამის განმაპირობებელი ფაქტორი არსებულ სტატისტიკაშია. ქვეყანაში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მანქანების რაოდენობა და შესაბამისად, მობილობაც. ამის შესახებ მან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საგზაო მოძრაობის დარღვევისთვის ჯარიმების გამკაცრების კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა.
“საზოგადოებაში მუდმივად ჩნდება კითხვა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ხელისუფლება მუდმივად ზრდის ჯარიმებს, თუმცა არ იკლებს არც დაშავებულთა რაოდენობა და არ იკლებს არც გარდაცვლილთა რაოდენობა.
რა თქმა უნდა, ეს კითხვა ჩვენც გაგვიჩნდა და ამის პასუხი არის სწორედ ციფრებში. თუ ჩავხედავთ სტატისტიკას, საქართველოში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მობილობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ავტომობილების რაოდენობა არის მნიშვნელოვნად გაზრდილი.
მაგალითად, წლევანდელი წლის ცხრა თვის მონაცემებით, საქართველოში უკვე რეგისტრირებულია 1,972,692 ავტომობილი, რაც ჩვენ მოქალაქეებს საკუთრებაში ჰყავთ. და გარდა ამისა, რაც შეეხება ქვეყანაში შემოსულ ავტომობილებს საზღვარგარეთიდან, ანუ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოში შემოიყვანეს მიმდინარე წლის ცხრა თვის განმავლობაში 1,151,943 ავტომობილი.
ანუ ჯამში ქვეყანაში 3,100,000-ზე მეტი ავტომობილის მობილობა გვაქვს, რაც შესაბამისად ზრდის იმის ალბათობას, რომ მოხდეს ავტოსაგზაო შემთხვევები.
ის, რომ დღეს, მინიმუმ გვიჭირავს ჩვენ ის მონაცემები, რაც არის ავარიების და დაშავებულთა რიცხვი და გარდაცვლილთა რიცხვი, ეს სწორედ იმ პოლიტიკის შედეგია, რასაც საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობასთან ერთად ატარებს და კონკრეტულად მიზნობრივად ხდება კონკრეტული სამართალდარღვევებზე სანქციების გადახედვა. სადაც ვხედავთ, სანქციას დაბალი ეფექტი აქვს, ამ შემთხვევაში ხდება გაზრდა, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ სამართალდარღვევა აღარ მოხდეს და მოხდეს ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია”, – განაცხადა დარახველიძემ.
დარახველიძის ირწმუნება, რომ ჯარიმების გაზრდის მთავარი ინტერესია, არ მოხდეს ავარიები გზებზე და არა ის, რომ გაიზარდოს ჯარიმებით ამოღებული თანხები.
„თუკი პარლამენტის მოსაზრებაა, რომ რომელიმე ჯარიმა არის არაადეკვატური, ამაზე შეგვიძლია ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ. ჩვენი მთავარი მიზანი არ არის ჯარიმების ამოღება, რომელიც საერთოდ არ მიდის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტში. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ არც ერთი ამოღებული ჯარიმა არ მიდის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტში, ეს მიდის ცენტრალურ ბიუჯეტში და მერე ნაწილდება. შესაბამისად, ჩვენ აქ არანაირი ინტერესი არ გვაქვს. ჩვენი ერთადერთი ინტერესია ის, რომ დაცული იქნეს საგზაო მოძრაობის წესები და არ მოხდეს ავარიები“,- განაცხადა დარახველიძემ.
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც შს სამინისტრომ მოამზადა, მძღოლებისთვის ჯარიმებს ზრდის და პასუხისმგებლობას ამკაცრებს. ცვლილებები შემდეგნაირად გამოიყურება:
მანევრირების წესების დარღვევა — ჯარიმა იზრდება 100 ლარამდე; ქულა მცირდება 20-ით.
სიჩქარის 15–40 კმ/სთ-ით გადაჭარბება — სანქცია იზრდება 50-დან 100 ლარამდე.
უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა — ჯარიმა 50 ლარი; ქულიან სისტემაში მინუს 10 ქულა.
მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობა — ჯარიმა 50 ლარი.
დგომა-გაჩერების წესების დარღვევა — რეგიონებში თბილისში მოქმედი პრინციპით 50-ლარიანი ჯარიმა დაწესდება (ქუთაისი, ბათუმი, მცხეთა, რუსთავი, გორი, თელავი, ფოთი, ზუგდიდი და კურორტები).
Bus Lane-ის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა — ჯარიმა 200 ლარი.
ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე გაჩერება — 100-ლარიანი ჯარიმა + შესაძლო ევაკუაცია დაცულ სადგომზე.
შსს-ის განცხადებით, ცვლილებები მიზნად ისახავს საგზაო უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გაუმჯობესებას და ავარიების რაოდენობის შემცირებას.

