ახალი ამბები

ქონების გადასახადის ზღვარი შესაძლოა, გადაიხედოს

„ვფიქრობთ, რომ ზღვართან დაკავშირებით შესაძლებელია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვიმსჯელოთ, სანამ შესაძლებელი იქნება უფრო დიდი და ფართო მასშტაბის რეფორმის განხორციელება“, – ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში, ქონების გადასახადის ზღვრის აწევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მისი თქმით, ქონების გადასახადთან მიმართებით სამინისტრო მუშაობს შესაბამის რეფორმაზე, თუმცა როგორც მინისტრმა აღნიშნა, მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით რეგიონებს შორის გარკვეული დისბალანსების გასწორება ვერ ხდება.

„თქვენ იცით, რომ ქონების გადასახადთან მიმართებით ფინანსთა სამინისტრო მუშაობს რეფორმაზე, რომელიც ბევრად ფართოა, ვიდრე მხოლოდ ფიზიკური პირის ქონების გადასახადი. ამ პერიოდში ჩვენ მოვამზადეთ გარკვეულწილად, რეგულირების ზეგავლენის დოკუმენტი, შესაბამისი ანალიზი გაკეთდა, ამან ბუნებრივია დაიკავა ძალიან დიდი დრო. იქიდან გამომდინარე, რომ ეს გადასახადი სრულად, 100%-ით ადგილობრივი გადასახადია და არა მხოლოდ ერთ კონკრეტული გადასახადის ჭრილში ხდება ამის შეფასება, თითოეული მუნიციპალიტეტის ჭრილში გახდა საჭირო ამის შეფასება.

ამ ეტაპზე, რა შედეგებიც ამ კვლევამ დადო, იყო ის, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში შეუძლებელია იმ დისბალანსის გასწორება, რომელსაც ზოგ მუნიციპალიტეტთან მიმართებით იწვევს აღნიშნული რეფორმა. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ზღვართან დაკავშირებით შესაძლებელია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვიმსჯელოთ, სანამ შესაძლებელი იქნება უფრო დიდი და ფართო მასშტაბის რეფორმის განხორციელება და იმ დისბალანსების აღმოფხვრა რეგიონების მიხედვით, რომელსაც შესაძლებელია, ჰქონდეს ადგილი ამ რეფორმის განხორციელების პირობებში“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ცნობისათვის, ოფიციალური ინფორმაციით, ქონების გადასახადი უწევს პირს, თუ მისი ან ოჯახის შემოსავალი წლიურად 40 000 ლარს აღემატება. შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ზოგადად ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადა არის კალენდარული წლის 15 ნოემბერი, ხოლო დეკლარაციის შევსება/წარდგენის ბოლო ვადად 1-ლი ნოემბერია განსაზღვრული, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ წელს ორივე ეს თარიღი ემთხვევა შაბათს, ვადამ გადაიწია მომდევნო სამუშაო დღეზე, შესაბამისად, უშუალოდ გადასახადის გადახდას 17 ნოემბრის ჩათვლით მოახერხებენ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში პლენარული სხდომაზე ფინანსთა მინისტრის გამოსვლა შეეხებოდა საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2026-29 წლებისთვის“.