ახალი ამბები

ევროკავშირი გაწევრიანების წესის გამარტივებას გეგმავს

ევროკავშირი ახალი წევრების მიღების დასაჩქარებლად გაწევრიანების წესის შეცვლას განიხილავს, რომ უნგრეთისა და რამდენიმე სხვა ქვეყნის მხრიდან ბლოკირება თავიდან აიცილოს. ეს მოდლოვასა და უკრაინას საშუალებას მისცემს, ინტეგრაციის პროცესი დააჩქარონ, თუმცა ბლოკში მათ გარკვეული დროით შეზღუდული უფლებები ექნებათ.

ამის შესახებ Politico-ს სამმა ევროპელმა დიპლომატმა და ევროკავშირის ერთმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომლებიც ამ დისკუსიას კარგად იცნობენ.

bpn-ის ინფორმაციით, ახალი ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანებას ხმის სრული უფლების, კერძოდ, ვეტოს უფლების გარეშე შეძლებენ. წევრობის წესში ეს ცვლილება ამჟამად ბლოკის ქვეყნებისა და ევროკომისიის მიერ განიხილება. ინციატივა განხილვის ადრეულ ეტაპზეა. ახალი წევრები სრულ უფლებებს მას შემდეგ მოიპოვებენ, რაც ევროკავშირი თავის მოქმედების პრინციპებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესს გადახედავს, რომ ცალკეული ქვეყნებისთვის ვეტოს დადება გართულდეს.

ეს არის ევროკავშირის მცდელობა, გაფართოების პროცესი გაააქტიუროს, რომელსაც ამჟამად ბუდაპეშტი და რამდენიმე სხვა ქვეყნის მთავრობა იმის შიშით ბლოკავს, რომ ადგილობრივ ბაზრებზე არასასურველი კონკურენცია არ შეიქმნას ან უსაფრთხოებას რისკი არ დაემუქროს. გაფართოებას ტრადიციულად მხარს უჭერენ ევროკომისია, ბალტიისპირეთის, ჩრდილოეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნები, თუმცა გაწევრიანების პროცედურის შეცვლის გადაწყვეტილება ყველა ქვეყნის მიერ უნდა დამტკიცდეს.

უახლოეს გაწევრიანებისკენ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად მონტენეგროც მიისწრაფვის. ახალი პროცედურის მომხრეების შეფასებით, ეს ქვეყნებს საშუალებას მისცემს, კავშირს უფრო მოქნილი პირობებით ისე შეუერთდნენ, რომ ევროკავშირს მომდევნო წლებში მისი ფუნქციონირების საბაზისო ხელშეკრულებების გადახედვა არ მოუწიოს.

ასეთი გადახედვა შესაძლოა, რამდენიმე მიზეზის გამო გახდეს საჭირო. კერძოდ, ახალი კანდიდატები ევროკავშირის წევრებისგან ცხოვრების დონითა და ეკონომიკური განვითარებით მნიშვნელოვნად განსხვავდებიან. ეს, განსაკუთრებით, უკრაინის ზომის ქვეყნისა და მისი მოსახლეობის გათვალისწინებით, მითუმეტეს, ომისშემდგომი აღდგენის პირობებში ევროკავშირის ბიუჯეტის გადახედვას მოითხოვს. ასევე, ახალი წევრების ფერმერების მხარდასაჭერად, ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად, ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებისა და სხვა სფეროებისთვის თანხა იქნება გამოსაყოფი.

ამასთან, მიმდინარეობს დისკუსია ბლოკისთვის ფუნდამენტური გადაწყვეტილებების ერთსულოვანი მხარდაჭერის წესის შეცვლაზე, ხოლო ბლოკის გაფართოება ამ საკითხს კიდევ უფრო აქტუალურს გახდის.

მომხრეები აცხადებენ, რომ სრული ხმის უფლების გარეშე ახალი წევრების მიღების გეგმა უზრუნველყოფს იმას, რომ ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მიერ ბლოკის გაფართოება აღარ შეფერხდება. ამასთან, მომავალმა წევრებმა ვეტოს უფლებებზე უარი უნდა თქვან მანამ, სანამ ძირითადი ინსტიტუციური რეფორმები არ განხორციელდება.